ლოს-ანჯელესში ჰარვი ვაინშტაინის სასამართლო გაიმართა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პროდიუსერი შვიდიდან სამ საქმეში, მათ შორის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს დაიწყო, საქმეში 44 მოწმე ფიგურირებდა. განაჩენის გამოსატანად მსაჯულებს 9 დღე დასჭირდათ.
შვიდივე ინციდენტი 2005-2013 წლებში ლოს-ანჯელესში მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია კიდევ რამდენ წელს მიუსჯის სასამართლო ვაინშტაინს, დანაშაული 18-დან 24 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ვაინშტაინის მხილების შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების შესახებ.
ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.
2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.
3 ივნისს ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ სააპელაციო სარჩელი არ დაუკმაყოფილა.