აფგან სადიგოვის გაძევება

სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა, მის წინააღმდეგ გამოძიება განახლდა - მიქელაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა. მისი ცნობით, სადიგოვის წინააღმდეგ გამოძიება და დევნა იმ საქმეზე განახლდა, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის თბილისიდან ბაქოში ექსტრადიციას ითხოვდა.

"საქმე აშკარად ფაბრიკაციული იყო და ჟურნალისტის პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავდა. გამოძიება და დევნა განახლდა, თითქოს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე ჟურნალისტის მიმართ გამოძიება და დევნა შეწყვეტილი იყო და, შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნაც შეჩერდა, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა.

ახლა კი, აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში, ის იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს" - წერს მიქელაძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ განახლებული სისხლისამართლებრივი დევნა კარგად აჩვენებს, რომ "ეს პროცესი იყო წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და ფაბრიკაციული სპეცოპერაცია, რომელშიც ქართული ოცნების რეჟიმიც ღიად მონაწილეობდა".

"შეგახსენებთ, რომ მანამდეც აფგან სადიგოვი ამ საქმეზე არაერთხელ შეაჩერა აზერბაიჯანის პოლიციამ და ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო და მისი შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ბაზებში მონაცემები უნდა განახლებულიყო.

რა ელის ახლა აფგან სადიგოვს ციხეში, სადაც უმძიმესი პირობებია და პოლიტიკური პატიმრების მიმართ მოპყრობა კიდევ უფრო სასტიკი და არაადამიანურია?

რამდენი წელი მოუწევს მას ციხეში ყოფნა? რა ბედი ელის მის ოჯახს, რომელიც ევროპაშია გახიზნული და სრულიად მარტო რჩება?

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დალოდებაც კი არ მოინდომა აზერბაიჯანმა და ორ თვეში ჟურნალისტი იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავა.

აზერბაიჯანი და საქართველო მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით, კონვენციური ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, და ეს აუცილებლად გახდება ევროპული სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილების საფუძველი.

აფგან სადიგოვის საქმე უკვე დიდი ხანია გასცდა ერთი ჟურნალისტის ინდივიდუალური ისტორიის საზღვრებს. ეს არის ტესტი იმისა, რამდენად (არა)ეფექტიანად მუშაობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის სისტემა მაშინ, როდესაც ორი სახელმწიფო ერთდროულად მოქმედებს პოლიტიკური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის ინტერესით და ტრანსნაციონალურ რეპრესიას მიმართავს.

არ ვიცი, რა ვუსურვო სადიგოვების ოჯახს, გარდა გაძლებისა და ისტორიის ჩარხის მიმართ იმედის არდაკარგვისა. იმედისა, რომ დიქტატორები აუცილებლად მთავრდებიან" - წერს მიქელაძე.

აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 აპრილს გავრცელდა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ სადიგოვის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ სამართლებრივი საქმის წარმოება დაიწყეს.

5 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერდა, რომ სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე მიიღო.

კომენტარები