უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 მაისს დაადასტურა, რომ უკრაინამ შორი რადიუსის დრონებით რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც უკრაინულმა ძალებმა მაისის თვეში უკვე მეოთხედ დაარტყეს იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
უკრაინის უახლოესი საზღვრიდან 700-ზე მეტი კილომეტრის სიშორეზე მდებარე იაროსლავლის ნავთობქარხანაზე აქამდე უკრაინამ დრონებით იერიშები 8, 13 და 19 მაისს მიიტანა.
"ჩვენ ომს უკან, რუსეთში ვაბრუნებთ და ეს მხოლოდ სამართლიანია." – დაწერა ზელენსკიმ X-ზე და დაამატა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის თავდასხმების პასუხად უკრაინა სხვა სახის "შორი რადიუსის სანქციებსა და საშუალო რადიუსის იერიშებსაც" ამზადებს.
"2026 წლიდან დაწყებული ფრონტზე რუსეთის დანაკარგებმა უკვე შეადგინა 145 000 სამხედრო მოსამსახურეზე მეტი – მათ შორის, თითქმის 86 000 მოკლულია, სულ მცირე, 59 000 – სერიოზულად დაჭრილი და 800-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე ტყვედაა აყვანილი. ჩვენ მიერ განსაზღვრულ მიზნებს ვაღწევთ. სხვა სექტორებშიც განვაგრძობთ რუსი სამხედროებისა და ოკუპანტთა აღჭურვილობის განადგურებას." – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 20 მაისს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში უკრაინული დრონებით თავდასხმების შემდეგ, ცენტრალურ რუსეთში თითქმის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეეზღუდა საწვავის წარმოება.
გამოცემის ცნობით, იმ ნავთობქარხნების ჯამური სიმძლავრე, რომლებმაც მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერეს მუშაობა, ყოველწლიურად 83 მილიონ მეტრულ ტონას აღემატება, რაც ყოველდღიურად 238 000 ტონას შეადგენს.
მონაცემებისა და წყაროების მიხედვით, ეს რიცხვი რუსეთში ნავთობის გადამუშავების მთლიანი სიმძლავრის მეოთხედს შეადგენს. ამასთან, Reuters წერს, რომ აღნიშნული ქარხნები რუსეთში, ჩვეულებისამებრ, ბენზინის 30%-სა და დიზელის დაახლოებით 25%-ს აწარმოებენ.




