რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კვლევამ აჩვენა, რომ რუსები ფრონტის ხაზზე მეტად ქვეყნის შიგნით უკრაინის დარტყმებზე ღელავენ

Bloomberg

კრემლთან დაკავშირებული "საზოგადოებრივი აზრის ფონდის" მიერ 15 მაისს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობას ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე მეტად უკრაინის მიერ რუსეთის საზღვრებს შიგნით მიტანილი იერიშები აღელვებთ. 

გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტების 18%-მა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ყველაზე მეტი ყურადღება რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარმა მოვლენებმა მიიპყრო, უკრაინაში ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებზე კი ყურადღება მხოლოდ 16%-მა გაამახვილა.

რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად დიდ რუსულ ქალაქებზე თავდასხმები, დრონებით იერიშები, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები და ქალაქ ეკატერინბურგზე თავდასხმა ახსენეს, რომელიც უახლოესი უკრაინის საზღვრიდან 1 600 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

ამასთან, 50%-მდე გაიზარდა რესპონდენტების წილი, რომლებიც ამბობენ, რომ მათ გარშემო ხალხი შეშფოთებულია, რაც რუსეთში ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვებისა და მობილიზაციის ახალი შესაძლო კამპანიის შესახებ დისკუსიის ფონზე ხდება. 

იგივე მაჩვენებელი 4%-ით დაბალი იყო 2024 წლის აგვისტოში, როცა უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრა. 

"საზოგადოებრივი აზრის ფონდი" კრემლთან აფილირებული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განწყობების შესახებ ყოველკვირეულად გამოკითხვებს აქვეყნებს.

ბოლო კვლევა, რომელმაც 97 ქალაქი და 51 რეგიონი მოიცვა, 1-3 მაისს ჩატარდა და მის ფარგლებში 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა. 

კომენტარები