ქართული ოცნების მაღალჩინოსნები

როცა ხალხი მძიმე სოციალურ პირობებს ებრძვის, ოცნებისთვის პრიორიტეტი პრემიებია - ფილფანი

პარტია გახარია-საქართველოსთვის დეპუტატი, ვიკა ფილფანი ქართული ოცნების ახალ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მაღალჩინოსნების მოადგილეებს სახელფასო დანამატებისა და ფულადი ჯილდოების მიიღების შესაძლებლობა ისევ ექნებათ.

"დღეს, როცა მოქალაქეების უმრავლესობას ყოველდღიურად გაძვირებულ პროდუქტებთან, გაზრდილ გადასახადებთან და მძიმე სოციალურ პირობებთან უწევს ბრძოლა, "ოცნების" ხელისუფლება მათ კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ პრიორიტეტი ხალხი კი არა, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ზრუნვაა.

სულ ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა რიგითი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდას, მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესებას, პენსიის 200 ლარით გაზრდას, მაგრამ ამის პარალელურად, საკანონმდებლო ცვლილება დააინიცირეს, რომელიც თანამდებობის პირებისთვის ფულადი ჯილდოებისა და პრემიების გაცემას ითვალისწინებს - იმ მაღალჩინოსნებისთვის, ვისი ხელფასი ისედაც 6-ჯერ მეტია საბავშვო ბაღის მასწავლებლის ხელფასზე, პენსიაზეც და რიგითი თანამშრომლის ხელფასზეც [...]

როცა ქვეყანაში ახალგაზრდა ადამიანი 2 სამსახურში მუშაობს და მაინც ვერ ახერხებს ბინის ქირის გადახდას, როცა ოჯახები წამლებს ცალობით ყიდულობენ, როცა მოქალაქეები ყოველდღიურად სესხებით ინარჩუნებენ არსებობას, ასეთ დროს ხელისუფლებისთვის პრემიებისა და ჯილდოების
საკითხი მთავარი პრიორიტეტია". - თქვა ფილფანმა.

ახალი კანონპროექტით, რომლის ინიციატორი ივანიშვილის მთავრობაა და ივანიშვილის პარლამენტი განიხილავს, მაღალჩინოსნების მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ.

"საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეთ სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში". - წერია კანონპროექტში.

კომენტარები