პოლონეთის ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 14 მაისს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე რუსული Ил-20 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავისთვის გზის გადასაჭრელად ავიაგამანადგურებლები გაგზავნა.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, ინციდენტი მოსკოვის მხრიდან "აგრესიულ ქმედებას" წარმოადგენდა, რომლის მიზანიც პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოცდა იყო. მანვე დაამატა, რომ რუსული თვითმფრინავი გამორთული სალოკაციო გადამცემით (ტრანსპონდერი) გადაადგილდებოდა.
"ყველა პროვოკაციას ჩვენი პილოტების მხრიდან მყისიერი პასუხი ექნება," თქვა კოსინიაკ-კამიშმა.
ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური იერიშების დროს, პოლონეთმა "საჭირო ძალები და რესურსები"' გაააქტიურა, მათ შორის, თვითმფრინავების აფრენითაც.
საეჭვო რუსული სამხედრო აქტივობის პასუხად NATO-ს ქვეყნები რეგიონში ავიაგამანადგურებლებს ხშირად გზავნიან. პოლონეთმა წარსულში უკვე არაერთხელ ააფრინა თვითმფრინავები პოლონეთის ტერიტორიის სიახლოვეს უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მიტანილი საჰაერო იერიშების დროს.




