ტრამპის ვიზიტი ჩინეთში

ტრამპთან ერთად ჩინეთში რუბიოც ჩავიდა, რომელიც 2020 წლიდან პეკინის მიერ არის სანქცირებული

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო
Brendan Smialowski/Pool/AFP/Getty

ჩინეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ტრამპს თან ახლდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო 2020 წელს პეკინმა რუბიოს სანქციები დაუწესა. 

სენატორობის პერიოდში რუბიო ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთის მთავრობის მხრიდან უიღურების დევნასა და ჰონგ კონგის დემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას.

Deutsche Welle-ს ჩინური განყოფილება წერს, რომ გასულ წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ჩინეთის მთავრობამ რუბიოს ჩინური სახელი "卢比奥-ს" მაგივრად "鲁比奥-ით" შეცვალა (Rubio-ს მაგივრად Rubyo), რაც პეკინის მხრიდან დიპლომატიურ მანევრად ჩათვალეს. 

ანალიტიკოსების თქმით, ამ გზით ჩინეთმა სანქციების პირდაპირი აღსრულება აირიდა თავიდან, ხოლო თავდაპირველი ვერსიით, "卢比奥-ს" თეორიულად ჩინეთში შესვლა კვლავ ეკრძალება. 

გასულ წელს სახელის შეცვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა, განაცხადა, რომ მას "ეს არ შეუმჩნევია," თუმცა საკითხს გამოიკვლევდა. 

ზოგადად უჩვეულო არ არის, რომ დასავლელ საჯარო ფიგურებს ჩინურად სახელის ტრანსლიტერაციის სხვადასხვა ვერსია ჰქონდეთ, ვინაიდან ჩინურ იეროგლიფებად დასავლური სახელების თარგმნის პროცესი ყოველთვის სტანდარტიზებული არ არის. 

მაგალითად, ორი ჩინური სახელი აქვს დონალდ ტრამპსაც: ჩინეთის მთავრობა და სახელმწიფო მედია მას 特朗普-ად მოიხსენიებენ, თუმცა, ტრამპს ხშირად 川普-საც უძახიან, რაც ოდნავ განსხვავებულ ტრანსლიტერაციას წარმოადგენს. 

13 მაისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი წამოიწყო, რის ფარგლებშიც ის პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს, უკვე შეხვდა.

ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში სი ძინფინგმა ტრამპს უთხრა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებებზე პროგრესი შეინიშნება, თუმცა, მისი თქმით, ტაივანის საკითხზე უთანხმოებამ შესაძლოა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სახიფათო განვითარება გამოიწვიოს და საქმე კონფლიქტამდეც კი მივიდეს.

კომენტარები