რუსეთი

თუ ეკონომიკა არ გამოსწორდება, შემოდგომაზე რევოლუცია გველის – რუსეთის კომპარტიის ლიდერი

გენადი ზიუგანოვი  

21 აპრილს სახელმწიფო დუმის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა თქვა, რომ თუ ეკონომიკურ ზომებს არ მიიღებენ, შემოდგომისთვის რევოლუციაა მოსალოდნელი. 

"პრეზიდენტმა მცირე ხნის წინ მთავრობა მოიწვია. ასეთი მოწყენილი სხდომა დიდი ხანია არ მინახავს. მას თქვენგან უნდა გაეგო. ათჯერ გითხრეს - ეკონომიკის ჩამოშლა გარდაუვალია. პირველი კვარტალი უკვე ბოლომდე ჩამოიშალა. თუ დროზე არ მიიღებთ ფინანსურ-ეკონომიკურ ზომებს, შემოდგომისთვის გველის ის, რაც 1917 წელს მოხდა. არ გვაქვს უფლება, ეს განმეორდეს." - მიმართა დუმას ზიუგანოვმა.

მცირე ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თავადაც აღიარა, რომ 2026 წლის პირველ ორ თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, გასულ წელთან შედარებით, 1.8%-ით შემცირდა. თუმცა პუტინმა ეს ყველაფერი "სეზონურ ფაქტორებს" დააბრალა და თქვა, რომ წელს შარშანდელ იანვარ-თებერვალთან შედარებით ორით ნაკლები სამუშაო დღე იყო.

ამას გარდა ზიუგანოვმა ისაუბრა რუსი ინსტაგრამ ბლოგერის, ვიქტორია ბონიას, პუტინისადმი აჟიოტაჟურ მიმართვაზე. კომპარტიის ლიდერის თქმით, პრობლემები, რომლებზეც ბონია ლაპარაკობდა, თავად დუმაშიც წამოუყენებია. მისივე თქმით, კომპარტია ყველაფერს აკეთებს პუტინის სტრატეგიის მხარდასაჭერად, მაგრამ კრემლში "არ უსმენენ". 

"არის ასეთი ქალბატონი, ვიქტორია ბონია ჰქვია... ტყუილად იცინით. მან პირდაპირ მიმართა პრეზიდენტს, თუმცა მონაკოდან. ჩამოთვალა ყველა საკითხი, რომლებიც აქ ყენდებოდა და ისმენდით." - თქვა ზიუგანოვმა.

ბოლო ათწლეულებში რუსეთის კომპარტია სისტემურ ოპოზიციას წარმოადგენს. რუსეთში 2026 წლის სექტემბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები, ფაქტობრივად, ფორმალურია და ცხადია, რომ პირველ ადგილზე "ერთიანი რუსეთი" გავა, სისტემური ოპოზიციის პარტიები ერთმანეთს ადგილებისთვის უპირისპირდებიან 

ინსტაგრამ ბლოგერმა ვიქტორია ბონიამ გასულ კვირაში ვლადიმირ პუტინს ვიდეოჩანაწერით მიმართა. მისი თქმით, მოქალაქეებს პუტინის ეშინიათ, რაც არასწორია. ბონიას ტექსტი ერთროულად კრიტიკული და სისტემის მხარდამჭერიც იყო.შეშფოთების მთავარი მიზეზი ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე დაწესებული შეზღუდვებია. ბონიამ ჩამოთვალა რუსეთის ხუთი პრობლემა: დაღესტანის დატბორვა, ანაპის სანაპიროს მაზუთით დაბინძურება, წითელ წიგნში შესულ ცხოველებზე ნადირობის ნებართვის გაცემა, ნოვოსიბირსკში საქონელის ჩამორთმევა და ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვები. მას არაფერი უთქვამს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომზე.

მის სიტყვებს შემდეგში პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი გამოეხმაურა და მას შეურაცხყოფა მიაყენა. ბონიამ საპასუხო ვიდეოები ჩაწერა. საბოლოოდ სოლოვიოვმა ბლოგერი გადაცემაშიც მიიწვია. ბონიას მხარდაჭერა გამოუცხადა ზოგიერთმა სხვა რუსმა ინსტაგრამ ბლოგერმა. დაპირისპირებას სკეპტიკურად უყურებს რუსული ოპოზიციის ნაწილი. ბონიას სიტყვებზე კომენტარი გააკეთა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც, რასაც ბლოგერის დადებითი რეაქცია მოჰყვა.

 

კომენტარები