23 აპრილს ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინისთვის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ფორმალურად დაამტკიცა.
უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რომლებიც თვეების განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმას აფერხებდნენ, ვეტო მოხსნეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ მათი ქვეყნების მიმართულებით მილსადენი "დრუჟბას" მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება აღადგინა.
"უკრაინის დასახმარებლად ევროპული სესხი აღარ არის დაბლოკილი – 90 მილიარდი ევრო ორი წლის განმავლობაში," განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს არმიას, უკრაინას უფრო განამტკიცებს და მოგვცემს საშუალებას, რომ უკრაინელების მიმართ ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ, როგორც ეს კანონშია გაწერილი." – დაამატა მან.
ევროკავშირის სასესხო პაკეტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს, თუმცა, სესხის დაფარვა მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რუსეთი უკრაინას ომისთვის რეპარაციას გადაუხდის. მანამდე კი რუსული აქტივები გაყინული დარჩება და ევროკავშირი შეინარჩუნებს უფლებას, რომ სესხი რუსული აქტივების მეშვეობით დაფაროს, "ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად".





