რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ბოლო თვეების განმავლობაში დაღმასვლას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, "სეზონურ ფაქტორებს" აბრალებს. ეს მოსაზრება მან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე გამოთქვა.
სხდომის დაწყების დროს პუტინმა თქვა, რომ 2026 წლის პირველ ორ თვეში მშპ 1.8%-ით შემცირდა, ძირითადად გადამამუშავებელი მრეწველობისა და სამშენებლო სექტორების ხარჯით. მისი თქმით, ამ შემცირების მთავარი მიზეზი ის არის, რომ 2026 წლის იანვარ-თებერვალში წინა წელთან შედარებით ნაკლები სამუშაო დღე იყო.
"უარყოფითი დინამიკის ზოგიერთ მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ კალენდარულ, ამინდის, ე.წ. სეზონურ ფაქტორებს. წინა სხდომაზე უკვე ვთქვი, რომ ეს ჩვენ კარგად მოგვეხსენება, მიმდინარე წლის იანვარში ორით ნაკლები სამუშაო დღე გვქონდა, ვიდრე გასულ წელს. თებერვალში - ერთი სამუშაო დღით ნაკლები." - თქვა პუტინმა.
პუტინმა თავადვე აღიარა, რომ ქვეყანაში საინვესტიციო აქტიურობას მხოლოდ მის მიერ ნახსენები ფაქტორები არ განსაზღვრავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია სხვა რა შეიძლება ახდენდეს ეკონომიკაზე გავლენას.





