რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი კვლავ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ლოკაციის ცვლილების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფორმატი და მისი გაგრძელება, ეჭვქვეშ არ ვაყენებთ ამ ფორმატის არსებობას. აუცილებელია პლატფორმა, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს. ჯერჯერობით, მსგავსი არ არსებობს და ჩვენ მივდივართ ჟენევაში, რადგან ფორმატი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, უნდა გაგრძელდეს... შვეიცარია, სამწუხაროდ, საკუთარი ნეიტრალიტეტის პრინციპს დაშორდა და დაიკავა პროკიევური პოზიცია უკრაინის კრიზისის კონტექსტში. ამიტომ, მოლაპარაკებებისთვის მისი კომფორტულ ლოკაციად ჩათვლა რთულია." - თქვა გალუზინმა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდი ამ წლის მარტში გაიმართება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შვეიცარიას ნეიტრალიტეტზე უარის თქმაში ადანაშაულებენ და ჟენევის დისკუსიების ლოკაციის ცვლილებას ითხოვენ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებიც.





