ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე

ქოლცენტრების საქმეზე კილაძეს, ფარცხალაძეს და მიქაძეებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

ელისო კილაძე, ოთარ ფარცხალაძე

ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლომ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დახურა.

პროცესის დახურვამდე სიტყვა თქვა ბრალდებულმა ელისო კილაძემ. ჩანაწერს ტვ პირველი ავრცელებს.

"მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ამ ქვეყანაში, ქოლ-ცენტრების მხილება. მაბრალებენ, რომ ამას თურმე იმიტომ ვაკეთებდი, რომ ხელი შემეშალა კონკურენტების საქმიანობაში [...] ყველაზე მთავარი, ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ გამოყვანილი, რომლის სამ წევრს ფიზიკურად არ ვიცნობ: ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არ ვიცნობ მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე გავიცანი პროცესზე. დათო მიქაძეს და ირაკლი სეხნიაშვილს ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. ანუ ჩემი დანაშაული ამ საქმეში არის ის, რომ დათო მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი ისე, როგორც ვაშუქებდი და მაინც მოვახერხებ ამის გაშუქებას. [...]

რატომ უნდა დაიხუროს სხდომა, როცა დარბაზში ჩემი კოლეგები სხედან და ჩემი თანამშრომლები სხედან და მე მინდა, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო იმიტომ, რომ ჩვენი პროფესია საჯაროობას გულისხმობს. ეს პროკურატურა გახდა რაღაცა ჩაკეტილი სივრცე, რაც მას უნდა მარტო იმაზე ლაპარაკობს საჯაროდ და რაც მას არ უნდა, სხვა ადამიანებს არ აძლევს ამაზე საუბრის საშუალებას, ეს მარტო ამ საქმეზე არ არის.

ისიც ძალიან კარგად ვიცი, ჩემ მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი დანიშნული და მისი მეგობარია. მესმის ყველაფერი, რომ ეს საჯაროობა თქვენს ინტერესებში არ შედის, მაგრამ საჯაროობა შედის ჩემს ინტერესებში იმიტომ, რომ მე ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ. ისევე როგორც არანაირ საპროცესო გარიგებაზე, არანაირ აღიარებაზე და კომპრომისზე ამ საქმეში არ წავალ. სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარი და მე ამ ცხოვრებაში არაფერი მეტი არ შემიქმნია. [...] მე მინდა საჯაროობა." - თქვა კილაძემ სხდომაზე.

18 თებერვალს ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს", ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ გიორგი მიქაძეს. პროკურატურის განცხადებით, "ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე".

ბრალდება ასევე  წარედგინათ - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, "რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას". პროკურატურა, "გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", მათთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

კომენტარები