თბილისის მერია

POG: გაფლანგვაზე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა თბილისის ვაგონსარემონტო ქარხანაში

პროკურატურის განცხადებით, თბილისის ვაგონსარემონტო ქარხანაში ჩხრეკა ჩატარდა, გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილის საფუძვლით დაიწყო.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში, სს "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.

გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები