აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ე.წ. "მშვიდობის საბჭოში" მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა მიიწვია, რასაც თავად სახელმწიფოების მხრიდან განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
ამ დროისთვის საბჭოს წევრების სრული სია გასაჯაროებული არ არის, თუმცა, თეთრი სახლისა და უშუალოდ ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიხედვით ირკვევა, რომ საბჭოს წევრობაზე თანხმობა უკვე 23-მდე ქვეყანამ განაცხადა.

ტრამპის მიწვევაზე დათანხმებულ ქვეყნებს შორის არიან ალბანეთი, ეგვიპტე, არგენტინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბელარუსი, უნგრეთი, ინდონეზია, ისრაელი, იორდანია, კოსოვო, ქუვეითი, მაროკო, პაკისტანი, პარაგვაი, კატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი, ვიეტნამი და ყაზახეთი.
თავის მხრივ, საფრანგეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, სლოვენიამ და შვედეთმა საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადეს.
გავრცელებული ცნობებით, მიწვევა ასევე მიიღეს ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბრაზილიამ, კანადამ, ჩინეთმა, კვიპროსმა, ფინეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ინდოეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ომანმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, სამხრეთ კორეამ , რუმინეთმა, რუსეთმა, სინგაპურმა, ესპანეთმა, შვეიცარიამ, ტაილანდმა, უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკომისიამ.
ამას გარდა, გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებსაც "მშვიდობის საბჭოს" მუდმივი წევრობა სურთ, სულ მცირე, 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.
Bloomberg-ის მიერ ნანახი "მშვიდობის საბჭოს" წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარებოდა.
თეთრმა სახლმა მშვიდობის საბჭოს" წევრების ნაწილი 17 იანვარს დაასახელა. წევრებს შორის არიან აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპი იქნება.





