რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მოსკოვის სასამართლომ ალექსანდრე საქანიას РДК-ში ხალხის გადაბირების ბრალდებით 19 წელი მიუსაჯა

მოსკოვში 30 წლის ალექსანდრე საქანიას რუსეთის მოხალისეთა კორპუსში (РДК) ხალხის გადაბირების ბრალდებით 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაცია განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსკოვის პროკურატურამ გაავრცელა.

გამოძიების მტკიცებით, საქანია პირადად იცნობდა უკრაინის მხარეს მებრძოლ РДК-ს მეთაურს, დენის კაპუსტინს და 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის დეკემბრამდე, საქართველოში ყოფნისას, რუსეთის მოხალისეთა კორპუსისთვის კანდიდატებს არჩევდა.

"2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე საქანია საქართველოს ტერიტორიაზე საფილტრაციო პუნქტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების შერჩევაზე, მათი შემოწმების, შემდგომი გადაბირების გზით. ასევე, თავად ეძებდა და არწმუნებდა მსურველებს РДК-ში გასაწევრიანებლად, ასევე აწყობდა შეხვედრებს აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მისი საქმიანობის გაგრძელების მიზნით". - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე საქანიას დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის აპრილში გავრცელდა. ის რუსეთში 2024 წლის 27 მარტს ჩავიდა და თავდაპირველად წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები