უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის არ ეწინააღმდეგება ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, "განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს და ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო". ამის შესახებ ზელენსკიმ Bloomberg-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაუბრა.
მოსკოვთან დიალოგის შესაძლო განახლებაზე ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ მოლაპარაკებების სერიოზულობას გააცნობიერებს.
"არ ვეწინააღმდეგები ევროპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს და ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო. ჩვენ საბოლოო ეტაპისკენ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ეს". - თქვა ზელენსკიმ.
გასულ თვეში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნებოდა. გუშინ კი იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ დროა ევროკავშირი ესაუბროს რუსეთს.





