გრენლანდიის აშშ-სთვის გადაცემის მისწრაფებებზე საუბრის დროს თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა და თქვა, რომ "სამხედრო გზა ყოველთვის ვარიანტია".
"პრეზიდენტ ტრამპს კარგად აქვს გაცხადებული, რომ გრენლანდიის მიღება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შესაკავებლად... პრეზიდენტი და მისი გუნდი განიხილავს სხვადსხვა ვარიანტებს, რომ საგარეო პოლიტიკის ამ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწიონ და, რა თქმა უნდა, აშშ-ს სამხედრო [ძალის] გამოყენება ყოველთვის არის მთავარსარდლის განკარგულებაში მყოფი ვარიანტი." - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ლივიტის სიტყვებამდე ტრამპის დამხმარემ საშინაო უსაფრთხოების საკითხებში, სტივენ მილერმა და გრენლანდიაში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ ლენდრიმ თქვეს, რომ გრენლანდიის მისაღებად სამხედრო მოქმედებები აუცილებელი არ იქნებოდა. ამას გარდა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ გრენლანდიის დასაუფლებლად სამხედრო ძალის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ასევე, ლივიტის კომენტარამდე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები შეუერთდნენ დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გრენლანდია "საკუთარ ხალხს ეკუთვნის". დანიას მხარდაჭერა გამოუცხადა კანადის პრემიერმაც.
"მხოლოდ და მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის გადასაწყვეტია საკითხები, რომლებიც დანიასა და გრენლანდიას ეხება". - ნათქვამი იყო დანიის განცხადებაში.
ამას გარდა, დანიის პრემიერმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ გრენლანდიასთან მიმართებით აშშ-ს მიერ სამხედრო ძალის გამოყენება NATO-ს არსებობას დაასრულებდა.
"თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს სამხედრო გზით თავს დაესხას NATO-ს სხვა ქვეყანას, მაშინ ყველაფერი დასრულდება. მათ შორის ჩვენი NATO და შესაბამისად უსაფრთხოება, რომელიც მან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უზრუნველყო." - თქვა ფრედერიკსენმა.





