28 დეკემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა.
იერიშის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებსა და Telegram-არხებზე გავრცელდა.
ადგილობრივებმა ასევე გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებშიც აფეთქებების შემდეგ ქარხნისკენ მიმავალი სახანძრო მანქანები ჩანს.
Kyiv Independent წერს, რომ შესაძლოა, იერიშის შედეგად სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ELOU-AVT-5 დანადგარიც დაზიანდა, რომელიც საწარმოში ნავთობის პირველადი გადამუშავების ძირითადი ობიექტია.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშშ-ს სანქციების ქვეშ მყოფ Rosneft-ს ეკუთვნის და ის უკრაინიდან 700 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ასევე მიზანში იქნა ამოღებული სიზრანში მდებარე ელექტრო ქვესადგური. ადგილობრივებმა დრონებით შეტევის შემდეგ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადეს.





