მედია Chai Khana-მ სოციალურ ქსელში ქართული ოცნების პროპაგანდისტული გვერდები შეისწავლა. გამოცემა წერს, რომ Facebook-ის შემდეგ რეჟიმთან აფილირებული გვერდები სხვა სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ, მათ შროსი TikTok-სა და YouTube-ზე-სა და YouTube-ზე.
გამოცემამ შეისწავლა ქართულ ოცნებასთან აფილირებული TikTok გვერდი "რა ხდება", გვერდზე 2024 წლის 5 თებერვლიდან 2025 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით გამოქვეყნებული 600-ზე მეტი ვიდეო, სადაც ხალხისთვის დასმული 116 კითხვიდან 63 - პოლიტიკური, 53 კი აპოლიტიკური შინაარსის იყო.
მედიამ აღმოაჩინა, რომ "თანხმობის ილუზიის წარმოებისთვის პროპაგანდა ხშირად იყენებს სხვადასხვა დროს და ადგილას ჩაწერილ ერთსა და იმავე რესპონდენტებს".
Chai Khana წერს, რომ შეძლეს სამი ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებიც ქუჩის გამოკითხვებში რამდენჯერმე მონაწილეობენ. მათ შორის არის 6 სხვადასხვა ვიდეო, სადაც ქუჩის გამოკითხვაში რესპონდენტად ერთი და იგივე პირი გვხვდება. ასევე აღმოაჩინეს მეორე პირიც, რომელიც 4 ვიდეოში ფიგურირებს.


"რა ხდება-ს" ვიდეოების შინაარსზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ახალგაზრდები ვიდეოებში ძირითადად მაშინ ჩანან, როცა კითხვას პოლიტიკური შინაარსი არ აქვს. მათგან, როგორც წესი, ის აინტერესებთ, როგორი ბიჭები/გოგოები მოსწონთ, რაზე ოცნებობდნენ ბავშვობაში, რას შეიცვლიდნენ გარეგნობაში, რისი ეშინიათ ან რა წიგნი წაიკითხეს ბოლოს, მაშინ როცა ასაკოვან ხალხს ეკითხებიან როგორი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ან რა მოხდება, თუ ხელისუფლებაში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება და რამდენად სამართლიანად ექცევა ევროკავშირი საქართველოს.
ამას ემატება პოლიტიკურ თემებზე დასმული კითხვების ფორმულირებაც, რომელიც რამდენიმე ტიპის შეკითხვად შეიძლება დაიყოს. როცა ქართული ოცნების მიერ დამკვიდრებული შეფასებების ფაქტად წარმოჩენა სურთ, მაშინ გამვლელებისგან აინტერესებთ — როგორ შეაფასებენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევას ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში?
თუ რესპონდენტს "სწორ" პასუხს თავად კარნახობენ, მათთვის დასმული შეკითხვა ასე ჟღერს — საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის რომელი იქნება ეფექტიანი გზა — ნატოში გაწევრიანება თუ ნეიტრალიტეტი? მანიპულაციურად დასმულ პოლიტიკური შინაარსის კითხვებზე პასუხებიც ისეა გაფილტრული, რომ ქართული ოცნების სასურველი ნარატივი ერთადერთ მისაღებ საზოგადოებრივ აზრად წარმოჩინდეს" - წერს Chai Khana.
მათივე ცნობით, ანალოგიური სტრატეგიით მუშაობს გვერდი "მოდი ვკითხოთ ხალხს", რომელიც "რა ხდებას" გამოჩენიდან რამდენიმე თვეში, 2024 წლის ოქტომბერში, შეიქმნა და მისგან განსხვავებით, რეგიონებში ჩაწერილ ქუჩის გამოკითხვებსაც აქვეყნებს.





