რეჟიმის პროპაგანდა

პროპაგანდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ბორის ჯონსონის სიტყვებს ამახინჯებს

AP

ქართული ოცნების პროპაგანდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სიტყვებს ამახინჯებს.

დღეს პროპაგანდისტულმა იმედმა და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტულმა მედიებმა ბორის ჯონსონის მიერ 9 დეკემბერს გაკეთებული განცხადება არასრულად გააშუქეს და სრული კონტექსტის გაქრობით წარმოაჩინეს, რომ თითქოს ჯონსონმა სრულიად უარყო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები. 

რეალურად, ბორის ჯონსონი რუსეთის პროპაგანდის მიერ უკრაინაში შეჭრის მიზეზად NATO-ს გაფართოებისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საფრთხის წარმოჩენის მცდელობაზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ ეს "შემაძრწუნებელი სიცრუე" იყო, რადგან 2022-წლამდე, ანუ უკრაინაში შეჭრამდე, NATO-ს სხვადასხვა წევრების წინააღმდეგობის გამო უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შანსი არ არსებობდა.

მაშასადამე, ჯონსონი ამ განცხადებით მომავალში უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას არ გამორიცხავს და პირიქით, ის ამას აქტიურად უჭერს მხარს.

"[პუტინი უკრაინაში შეიჭრა] არა იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ს მიერ იყო დაცული ან იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდებოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ს მიერ დაცული არ იყო" - თქვა ჯონსონმა 9 დეკემბერს.

ოცნების პროპაგანდისტული მედიების მიერ ჯონსონის განცხადების დამახინჯებულ გაშუქებას რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან ჯონსონის "აღიარებით" აღშფოთებული განცხადებები მოჰყვა.

მაგალითად, ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, სოციალურ ქსელში ჯონსონის განცხადებიდან ამოგლეჯილი სიტყვები გააზიარა და დაწერა, რომ თითქოს ჯონსონი და მაშასადამე, სრულიად დასავლეთი, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ "იტყუებოდა".

"უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ" - დაწერა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანი აღნიშნულ პოსტში რუსული პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ თითქოს, 2022 წელს ბორის ჯონსონმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ჩაშალა და უკრაინას ომის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ოცნების პროპაგანდის მიერ ჯონსონის დამახინჯებული განცხადება სოციალურ ქსელში ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც გააზიარა - "ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ერები..." - დაწერა მან.

აღსანიშნავია, რომ პაპუაშვილის გაზიარებულ იმედის ე.წ. ქარდზე ჯონსონის 2023 წლის განცხადებაცაა - "ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის NATO-ში მიღების პროცესი, დავიწყოთ ახლავე".

ჯონსონის ეს განცხადება წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რომ წინა წლებში ალიანსის წევრი ქვეყნების წინააღმდეგობის გამო უკრაინის გაწევრიანების შანსი არ იყო, რაც შესაბამისად, აქარწყლებს პუტინის მხრიდან ომის გამართლებას, რომ თითქოს უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ უკრაინას NATO-ში იღებდნენ. ხოლო, 2023-დან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევა და მცდელობები განახლდა იმიტომ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად NATO-ს საჭიროება კიდევ ერთხელ აჩვენა.

ასევე, იმედის ცნობით, ივანიშვილის სატელიტი პარტიის დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ჯონსონის დამახინჯებული განცხადების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჯონსონმა უკრაინელი ხალხი მოატყუა და "ხოცვა ჟლეტისთვის" გაწირა.

"მისი განცხადება ამტკიცებს ჩვენი ხელისუფლების სიმართლეს, რომ დღემდე ვუძლებთ გაუგონარ საერთაშორისო ზეწოლას და დღემდე მიმდინარეობს საქართველოზე უსირცხვილო შანტაჟი სხვადასხვა - ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით" - თქვა სეფაშვილმა.

გთავაზობთ ჯონსონის განცხადების სრულ ნაწყვეტს:

ეს არის ქვეყანა, რომლის საზღვრებსაც ჩვენ ყველანი ვაღიარებთ და რომელიც 1991 წელს რუსეთმაც აღიარა. რომლის უსაფრთხოება ნომინალურად 1994 წელს იყო გარანტირებული და რომელიც არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა საფრთხეს ვლადიმირ პუტინის რუსეთისთვის. 

მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან NATO-ს შეხვედრას 2016–2022 წლებში და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების არანაირი შანსი არ არსებობდა - ასეთ ნებისმიერ წინადადებას მაშინვე ვეტოს დაადებდნენ საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და მრავალი სხვა ქვეყანა. ეს შავი ბურთებით სავსე ხიზილალის თასი იქნებოდა.

ამიტომ პუტინის მტკიცება, თითქოს მას [უკრაინაში] შეჭრა NATO-ს გაფართოებამ აიძულა, არის შემაძრწუნებელი სიცრუე. სინამდვილეში ის არის ექსპანსიონისტი, ის არის რევანშისტი და ნეოიმპერიალისტი, რომელმაც უკრაინის დაპყრობა დაისახა მიზნად, რადგან ეშინია იმ შედეგების, რომელსაც მისთვის - პუტინისთვის, კრემლისთვის - უკრაინის არჩევანი - მოსკოვისგან დაშორებით, თავისუფალი, პლურალისტური, დემოკრატიული დასავლეთევროპული იდენტობისკენ სვლა - მოიტანს.

ეს არის ის, რაც მას სძულს. ეს არის ის, რისიც ეშინია. და სწორედ ამიტომ შეიჭრა [უკრაინაში]. მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ს მიერ იყო დაცული ან იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდებოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ს მიერ დაცული არ იყო.

კომენტარები