ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვუჩიჩმა და ყაველაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ვუჩიჩის თქმით, მალე თბილისში სერბეთის საელჩო გაიხსნება. მან ასევე განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს სერბეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზეც.
"მალე თბილისში საელჩოს გავხსნით, რომელიც რეალური ადგილი იქნება იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ბიზნეს ინიციატივა დაიწყოს და ასევე, ეს პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაც იქნება.
ასევე, მალე შერეული კომიტეტის სხდომა გვექნება და სერბეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სტრატეგიულ განხილვებს დავიწყებთ. ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება [...] დარწმუნებული ვარ, ეს ხელშეკრულება შემდეგ წელს ძალაში შევა. ამაზე სერიოზული და ღრმა დისკუსია მიმდინარეობს [...]
ვთვლით, რომ ამ ხელშეკრულების შედეგად, საქართველოდან პროდუქტებს უფრო იაფად მივიღებთ, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან და პირიქით, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ბიზნესებისთვის, მეწარმეებისთვის, რომ საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზარი საქართველოში ნახონ". - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა [ყაველაშვილის ადმინისტრაციის სინქრონული თარგმანი].
ვუჩიჩის თქმით, მან და ყაველაშვილმა აგრეთვე განიხილეს თანამშრომლობის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროებსა და ხელოვნურ ინტელექტში.
სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან და ყაველაშვილმა პოლიტიკურ საკითხებზეც ისაუბრეს და ერთმანეთს "ძალიან კარგად გაუგეს".
"ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, დაწყებული მსოფლიო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური სიტუაციით. განვიხილეთ სიტუაცია კავკასიის რეგიონში, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ". - თქვა ალექსანდარ ვუჩიჩმა.





