რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინა და ევროპელები აშშ-ს შეთანხმების განახლებულ დოკუმენტს გადასცემენ

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები მალე მზად იქნებიან, აშშ-ს სამშვიდობო შეთანხმების განახლებული დოკუმენტი გადასცენ. 

გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკი ამბობს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან ახალი კომპონენტები უფრო დაიხვეწა და მზად არის აშშ-სთვის გადასაცემად.

"უკრაინული და ევროპული კომპონენტები ახლა უფრო დახვეწილია და ჩვენ მზად ვართ, ის ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს წარვუდგინოთ. ამერიკულ მხარესთან ერთად, ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა სწრაფად უნდა გავხადოთ რეალისტური" – წერს ზელენსკი.

მანამდე, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა აღნიშნა, რომ ევროპელები სამ სხვადასხვა დოკუმენტზე მუშაობენ, რაც 20-პუნქტიან შეთანხმებას, უსაფრთხოების გარანტიებსა და რეკონსტრუქციის გეგმას მოიცავს.

"ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ომის დაწყებიდან მოყოლებული ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ" – თქვა სტუბმა.

კომენტარები