გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი შვიდეული (G7) და ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვის ნაცვლად რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვის სრულად აკრძალვას განიხილავს.
ექვსიდან სამმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ აკრძალვა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების მომდევნო პაკეტში შევიდეს, რომელიც 2026 წელს გამოქვეყნდება. ხოლო ორმა წყარომ Reuters-თან საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირს პაკეტში აკრძალვის წარდგენამდე დიდ შვიდეულთან შეთანხმების მიღწევა სურს.
გამოცემის წყაროებმა თქვეს, რომ G7-ის ტექნიკურ შეხვედრებზე იდეას ბრიტანელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები უჭერენ მხარს, თუმცა აშშ-ს საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შერჩეული ზეწოლის ტაქტიკაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც Reuters აღნიშნავს, რუსეთი თავის ნავთობს ძირითადად აზიის ქვეყნებში ყიდის, მისი დაახლოებით მესამედი დასავლური ნავთობტანკერებით და დასავლური საზღვაო მომსახურებით გადააქვს, ხოლო დანარჩენი ორი მესამედისთვის კი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს იყენებს.
დიდმა შვიდეულმა რუსული ნავთობის ფასს ზედა ზღვარი 2022 წელს დაუწესა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.





