თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შემავალ ნავთობის გადამზიდ ორ ტანკერზე აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საზღვაო საქმეთა სამმართველო და მედია ავრცელებს.
თურქეთის საზღვაო საქმეთა სამმართველოს ინფორმაციით, ხანძარი ორ ტანკერზე, KAIROS-სა და VIRAT-ზე გაჩნდა. მათივე ცნობით, KAIROS რუსეთში ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და "გარეგანი ფაქტორის" გამო ცეცხლი წაეკიდა.
ამასთან, უწყების თანახმად, ორივე ხომალდის ეკიპაჟი "კარგ მდგომარეობაშია" და თურქეთმა მეზღვაურთა ევაკუაციისთვის გემებზე სამაშველო დანაყოფები გაგზავნა.
სანქციებისთვის თავის არიდებაში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების მეთვალყურე მონაცემთა ბაზის, OpenSanctions-ის მიხედვით, ორივე ხომალდი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია.
OpenSanctions-ის ცნობით, VIRAT-ს სანქციები აშშ-მ მიმდინარე წლის იანვარში დაუწესა, რის შემდეგაც ეს ხომალდი ევროკავშირმაც, შვეიცარიამაც, გაერთიანებულმა სამეფომაც და კანადამაც დაასანქცირეს. ხოლო KAIROS-ს მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირმა, დაუწესა სანქციები, რასაც გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის სანქციები მოჰყვა.
ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის მიერ ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული შეზღუდვების ასარიდებლად იყენებს. ეს გემები ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მოსკოვის ომის დაფინანსებას ემსახურება.





