რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-უკრაინის განცხადება: შევიმუშავეთ განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო სამუშაო ჩარჩო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, რომლებიც ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ
Martial Trezzini/AP/Keystone

23 ნოემბერს ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც აშშ-ს 28-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებას ეხებოდა, მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები "კონსტრუქციულად" შეაფასეს. 

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ "განახლებული და დახვეწილი" დოკუმენტი შეიმუშავეს.

ამასთან, მათი განცხადებით, მხარეები მომდევნო დღეებში ერთობლივი წინადადების შედგენაზე მუშაობას გააგრძელებენ, ხოლო სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები მიიღებენ. 

გთავაზობთ ერთობლივი განცხადების სრულ ტექსტს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის სამსახური ავრცელებს:

2025 წლის 23 ნოემბერს აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები ჟენევაში შეხვდნენ აშშ-ს სამშვიდობო წინადადებაზე დისკუსიებისთვის. მოლაპარაკებები კონსტრუქციულად, ფოკუსირებულად და პატივისცემით წარიმართა, რამაც ხაზი გაუსვა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას.   
  
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები ძალზე პროდუქტიული იყო. დისკუსიებმა აჩვენა არსობრივი პროგრესი პოზიციების თანხვედრაში მოყვანასა და მკაფიო მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრის მხრივ. მხარეებმა კვლავ დაადასტურეს, რომ ნებისმიერმა სამომავლო შეთანხმებამ სრულად უნდა დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი და მოიტანოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. დისკუსიების შედეგად, მხარეებმა შეადგინეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო სამუშაო ჩარჩო.

უკრაინის დელეგაციამ დაადასტურა მადლიერება აშშ-ს მტკიცე ვალდებულებებისთვის და, პირადად, პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპის მიმართ, მისი დაუღალავი ძალისხმევისთვის, რომლის მიზანიც ომისა და სიცოცხლის დაკარგვისთვის წერტილის დასმაა. 

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ ერთობლივ წინადადებაზე. პროცესის წინსვლის პარალელურად, ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში რჩებიან მათ ევროპელ პარტნიორებთან.

ამ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში, საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები მიიღებენ. 

ორივე მხარემ კვლავ გამოხატა მზადყოფნა, რომ ერთად მუშაობა გააგრძელონ, რათა მოიპოვონ მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და აღდგენას. 

კომენტარები