გასაჯაროებულ წერილში ჩომსკი ეპსტინთან რეგულარულ კონტაქტს 'ღირებულ გამოცდილებად' ახასიათებს

აშშ-ს კონგრესის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ ცნობილ ამერიკელ ლინგვისტსა და მემარცხენე ინტელექტუალს, ნოამ ჩომსკის, ახლო ურთიერთობა ჰქონდა სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ, გარდაცვლილ ჯეფრი ეპსტინთან, მას შემდეგაც კი, რაც 2008 წელს ეპსტინმა ბრალი აღიარა არასრულწლოვანისგან პროსტიტუციის მოთხოვნის საქმეში.

12 ნოემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის რესპუბლიკელი წევრების მიერ გასაჯაროებული ელექტრონული მეილების მიხედვით, ჩომსკი წერდა, რომ ეპსტინთან "რეგულარული კონტაქტის" შენარჩუნება მისთვის "ძალზე ღირებული გამოცდილება" იყო იმ დროს, როცა ეპსტინს ბრალი უკვე მრავალი წლის აღიარებული ჰქონდა. 

გავრცელებულ დოკუმენტებში ეპსტინსა და ნოამ ჩომსკის შორის მიმოწერის არაერთი შემთხვევა ჩანს, რასაც ძირითადად აკადემიური ან პერსონალური ხასიათის ჰქონდა. ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მათი განხილვის საგანი დონალდ ტრამპიც იყო

თუმცა, გავრცელებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთ სარეკომენდაციო წერილში, რომელსაც ნოამ ჩომსკის მიაკუთვნებენ, მემარცხენე ფილოსოფოსი ეპსტინს "ძალზე ღირებულ მეგობრად" ახასიათებს და იხსენებს, თუ როგორ დააკავშირა ეპსტინმა იგი ისრაელის ყოფილ პრემიერმინისტრ ეჰუდ ბარაკთან.  

წერილი დათარიღებული არ არის, თუმცა მასში ნახსენებია, რომ ჩომსკი არიზონის უნივერსიტეტის ლაურეატი პროფესორია, რა თანამდებობაზეც იგი 2017 წელს დაინიშნა. 

"ჯეფრი ეპსტინს ნახევარი ათეული წლის წინ შევხვდი. მას შემდეგ ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვქონდა, მრავალი ხანგრძლივი და ხშირად სიღრმისეული დისკუსია ძალიან ფართო სპექტრის თემებზე, მათ შორის, ჩვენსავე სპეციალობასა და პროფესიულ სამსახურზე, მაგრამ სხვა რიგ საკითხებზეც, რომლებზეც საერთო ინტერესები გვქონდა. ეს ჩემთვის ძალზე ღირებული გამოცდილება იყო." - ვკითხულობთ წერილში. 

"ჯეფრი ყოველთვის ბადებს ღრმა კითხვებს და პროვოკაციული იდეებით გამოდის, რამაც არაერთხელ შემაცვლევინა აზრი მნიშვნელოვან საკითხებზე," წერია ეპსტინისთვის ჩომსკის მიერ შედგენილ სარეკომენდაციო წერილში.

წერილის დასასრულს ჩომსკი წერს, რომ "ჯეფრის უსაზღვრო ცნობისმოყვარეობის, სიღრმისეული ცოდნის, გამჭრიახი შეხედულებებისა და გააზრებული შეფასებების გავლენა მხოლოდ ძლიერდება მისი მარტივი არაფორმალურობით, რომელსაც არ გააჩნია პრეტენზიულობის კვალი. ის სწრაფად იქცა ძალზე ღირებულ მეგობრად და ინტელექტუალური მიმოცვლისა და სტიმულაციის რეგულარულ წყაროდ."

კიდევ ერთ 2015 წლის მიმოწერაში ეპსტინი ჩომსკის სთავაზობს, რომ ნიუ-იორკსა და ნიუ მექსიკოში მისი საცხოვრებლები გამოიყენოს, თუმცა ელექტრონული მეილებიდან არ ჩანს, გამოიყენა თუ არა ჩომსკიმ ეს შეთავაზება თავის სასარგებლოდ. 

კომენტარები