ემიგრანტების ხმის მიცემა

არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია - კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აეკრძალებათ სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზია POSTV-ში ისაუბრა.

ცნობისთვის ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ ხმის მიცემას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქე ხმის მისაცემად საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

კობახიძის შეფასებით, "არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელლდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია" - ივანიშვილის პრემიერმინისტრის თქმით, ნებისმიერი დიასპორის წარმომადგენელი ექცევა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ ამა თუ იმ ფორმით, შეიძლება პირდაპირი ფორმითაც მოექცეს".

ივანიშვილის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ მან "ზუსტად დათვალა, რას გამოიწვევდა დიასპორის არმონაწილეობა". 

"უნდა აღინიშნოს ერთი რამ - დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში, არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა არ ჰქონია 

ზუსტად დავთვალე წინა არჩევნების შემთხვევაში რას გამოიწვევდა დიასპორის არმონაწილეობა და ერთ მანდატს განსაზღვრავდა მხოლოდ.

ჩვენი გადაწყვეტილება არის თავიდან ბოლომდე დაცლილი სუბიექტური ინტერესებისგან, მიუხედავად იმისა იცით, რომ განსხვავებული შედეგები დაფიქსირდა პროცენტულად საზღვარგარეთ ქვეყანაში არსებულ შედეგებთან შედარებით, მაგრამ იმის გამო, რომ მთლიან შედეგებზე ეს გავლენას არ ახდენს, ჩვენ დაცლილი ვართ სუბიექტური ინტერესებისგან

ჩვენ ყველგან ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად განვამტკიცოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, დავიცვათ გარე საფრთხეებისგან.

ორი არგუმენტი გვაქვს, როცა საქმე ეხება ამ რეგულაციას - ერთი არის ის, რომ არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელლდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია იმიტომ, რომ ასეთ პირობებში, ნებისმიერი დიასპორის წარმომადგენელი ექცევა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ ამა თუ იმ ფორმით, შეიძლება პირდაპირი ფორმითაც მოექცეს.

მაგალითად, შეიძლება ადამიანი იყოს დასაქმებული კონკრეტულ სფეროში, ან რაღაც დოკუმენტებთან დაკავშირებით ჰქონდეს საკითხები, შეიძლება მისი ბინადრობის ნებართვა ექვემდებარებოდეს გაგრძელებას და ა.შ. 

ანუ, უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ არის ნებისმიერი ადამიანი, მითუმეტეს დიასპორის წარმომადგენელი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მეორე არგუმენტი, რომელიც უკავშირდება იფნორმირებული გადაწყვეტილების მიღებას - როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს წვდომა ინფორმაციის მთავარ წყაროზე.

ინფორმაციის წყაროები რომ დავყოთ, არსებითად შეგვიძლია ორ ნაწილად გადავანაწილოთ - არის გაფილტრული და გაუფილტრავი წყაროები.

როცა ჩვენ ვსხედვართ, ტელევიზიას უყურებს ადამიანი და იღებს გაფილტრულ ინფორმაციას, ჩვენ გვაქვს ობიექტური აზრი და ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს ვაწვდით საზოგადოებას.

სოც.მედიაშიც როცა აკვირდები ადამიანის რეაქციებს და ა.შ. იქაც გაფილტრული ფორმით იღებ ინფორმაციას

არსებობს ერთადერთი გაუფილტრავი წყარო ინფორმაციის - ეს არის ის გარემო, სადაც შენ ცხოვრობ, გადიხარ ქუჩაში და შენი თვალით ხედავ (ერთმა ტელევიზიამ გითხრა ერთი რამ, მეორემ მეორე, სოც.მედიაში რაღაც წაიკითხე) რა ხდება ქვეყანაში, ხედავ რა მოგწონს, რა არ მოგწონს და ამის საფუძველზე აკეთებ არჩევანს.

ეს არის ინფორმაციის მთავარი წყარო და ერთადერთი გაუფილტრავი წყარო.

თუ არ აქვს ადამიანს წვდომა ინფორმაციის გაუფილტრავ წყაროზე, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი". - თქვა კობახიძემ 

კომენტარები