რუსული რეჟიმი

ცუცქირიძე: ოცნება ემიგრანტებს ეუბნება, რომ მათთვის მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან

თავისუფლების მოედნის ლიდერი, ლევან ცუცქირიძე ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ.

"საქართველოს ყველა მოქალაქეს, იმის მიუხედავად, თუ სად არის ის არჩევნების დღეს, ხმის უფლება გარანტირებული უნდა ჰქონდეს. ჩვენი დიასპორების პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობები კი არ უნდა იზღუდებოდეს, არამედ უნდა გაფართოვდეს. ქართული ოცნება საარჩევნო უფლების წართმევით ემიგრანტებს ეუბნება, რომ ისინი მათთვის მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენენ.

საზღვარგარეთის ქართული დიასპორებისგან ოცნებას მხოლოდ ფული სჭირდება, ისიც მხოლოდ მოსაპარად, მაგრამ ამ ფულის განკარგვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ემიგრანტები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ - ეს შეურაცხმყოფელი, დამაცირებელი და მიუღებელია". - წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

ცუცქირიძე წერს, რომ თავისუფლების მოედანი ემიგრანტებისთვის "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" დაარსებას აპირებს. 

"ვაგრძელებთ მუშაობას დიასპორებისთვის პოლიტიკური მონაწილეობის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, რათა ისინი უფრო სრულფასოვნად ჩავრთოთ საერთო ბრძოლაში. ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" დაარსება. ფონდის შექმნას სწორედ ის მიზანი აქვს, რომ ჩვენს ემიგრაციას ქვეყნის გადარჩენაში საკუთარი წვლილის შეტანა გაუადვილოს". - წერს ცუცქირიძე.

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ ხმის მიცემას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქე ხმის მისაცემად საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

კომენტარები