საქართველო-ევროკავშირი

ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროპულ ინტეგრაციას - ჰერჩინსკი

"ამ კითხვას ძალიან ხშირად მისვამენ და ვცდილობ არ ვუპასუხო იმიტომ, რომ არ მინდა სპეკულირება" - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე დასმულ კითხვას.

ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ მოქმედებს ახალი მექანიზმი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს და დასძინა, რომ დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, რომელიც მათ შორის, საქართველოსთველოსაც შეეხება.

ჟურნალისტის დასმულ კითხვას ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შემდეგ, ჰერჩინსკიმ ასე უპასუხა - "როგორც ევროკავშირის ელჩის საქართველოში, ჩემი ვალდებულებაა მქონდეს კომუნიკაციის ღია არხები ყველასთან.

რა თქმა უნდა, ვცდილობ ვესაუბრო ხელისუფლებას, ასევე მაქვს კონტაქტები ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიურ სფეროსთან.

ერთი კვირის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ საქართველოს მისწრაფების მიმართ არის დამანგრეველი, ცხადად ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ორი წლის შემდეგ, საქართველო უფრო შორსაა, ვიდრე 2023 წელს სტატუსის მინიჭებისას იყო. საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროპულ ინტეგრაციას."

ცნობისთვის, დღეს, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, "ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას".

4 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით 2025 წლის EU-ს გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საფრთხეში ჩაგდების შემდეგ, ევროინტეგრაციისადმი ერთგულების გამოხატვის ნაცვლად, საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში "კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან"

კომენტარები