საქართველოში რეგისტრირებული ღიად პრორუსული პარტიის, სოლიდარობა მშვიდობისთვის, ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტს მიმართავს თხოვნით, რომ უშუამდგომლონ რუსულ პროპაგანდისტულ "მედია გიგანტებთან" და ქართულ ღიად პრორუსულ სატელევიზიო არხებს "რელიგიური, სპორტული, გასართობი, საგანმანათლებლო, შემეცნებითი კონტენტი" გადასცენ.
ფიფიამ ამის შესახებ მოსკოვში 7 ნოემბერს ჩატარებულ ღონისძიებაზე - "საერთაშორისო მედიაფორუმი სიმართლე ნეოფაშიზმის წინააღმდეგ" - ისაუბრა და სიტყვით გამოსვლის ვიდეო საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.
"ქვეყნები, რომლებიც უკრაინის უკან დგანან, უკვე იბრძოდნენ ჩვენთან, ისინი უკვე იყვნენ ფაშისტები, ეს ჩვენ არ გვაკვირვებს. ჩვენ გვაკვირვებს ის, რომ არაკეთილსინდისიერი მედიებისა და აგრესიული პროპაგანდის მეშვეობით მათ შეძლეს და დააბნიეს ჩვენი ძმები და დები მეზობელ უკრაინაში. ამის გაკეთებას ცდილობენ საქართველოშიც, პროდასავლური მედიის გულუხვი დაფინანსებით. ის მედიებიც კი, რომლებიც პროსახელისუფლებოდ ითვლება, ზოგჯერ ლიბერალურ დღის წესრიგს მაუწყებლობენ.
ჩვენმა პარტიამ, სოლიდარობა მშვიდობისთვის, მიმართა დსთ-ს საქმეთა კომიტეტს თხოვნით, გვიშუამდგომლონ თხოვნით ისეთ მედიაგიგანტებთან, როგორიცაა გაზპრომ მედია და ნაციონალური მედიაჯგუფი, რომ ჩვენს პარტიულ ტელეარხ სოლიადარობასა და სეზონი TV-ს გადასცენ რელიგიური, სპორტული, გასართობი, საგანმანათლებლო, შემეცნებითი კონტენტი. სხვათა შრის, სეზონი TV ერთადერთი ტელეარხია, რომელსაც რუსულ ენაზე მაუწყებლობის ლიცენზია აქვს." - თქვა ფიფიამ.
ფიფიას მტკიცებით, "საქართველოს რუსეთთან მეგობრობის ალტერნატივა არ გააჩნია".
"საქართველო ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზეა. ქვეყანა ცარიელდება. ამ პირობებში საქართველოს რუსეთთან მეგობრობის ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ემხობოდა და ემხრობა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებსა და სამხედროპოლიტიკურ კავშირს. ამ კავშირის დამყარების შემდეგ მზად ვართ რუსეთთან ერთად განვიხილოთ სხვა ფორმატები, როგორიცაა 3+3, BRICS-ი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და ა.შ. ჩვენ გვჯერა რეგიონული ფორმატი 3+3-ის, რომელსაცდიდი პოტენციალი აქვს." - თქვა ფიფიამ.
ამას გარდა, ფიფიამ ახსენა რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილე, აპტი ალაუდინოვი. ფიფიას თქმით, ალაუდინოვს "გამაერთიანებელს" უწოდებს.
"დასავლელი ლიდერები დიდი ხანია საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ. ისინი იქცნენ სამხედრო, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მანქანებად. მათ ვძულვართ ჩვენ, ჩვენი რწმენა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ოჯახური ღირებულებები. და როგორც ჩემი ძმა, აპტი ალაუდინოვი ამბობს - მე მას აპტი გამაერთიანაბელს ვეძახი,რ ადგან ის ძალიან ბევრს აკეთებს რუსეთისა და ახლო საზღვარგარეთის ხალხთა გასაერთიანებლად - "ამ ომში ასე არ იქნება, ჩვენ სისხლს დავღვრით, თქვენ - რძეს. ვნახოთ ვისი აჯობებს"." - თქვა ფიფიამ.
ფიფიას ვიდეო საკუთარ ტელეგრამ არხზე გადააზიარა თავად აპტი ალაუდინოვმაც.
აქამდე, სექტემბერში, მამუკა ფიფია, სეზონი TV-ს დამფუძნებელ ნიკოლოზ მჟავანაძესთან და კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმართან, პაატა აბულაძესთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში იმყოფებოდნენ და მარიონეტ ლიდერს, დენის პუშილინს შეხვდნენ. ოქტომბერში კი ფიფია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის შესაძლებლობაზე ესაუბრა.
გასულ წელს პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რუსეთთან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის დადების ინიციატივით გამოვიდა.





