შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
დაკავებულებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს - ს.ა.-ს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ე.წ. "ქურდული სამყაროს" სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. მამედოვმა ფერმერს თანხის გადასახდელად სამდღიანი ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა." - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ს.ა.-ს შვილს, რომელიც ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს 1994 წელს დაბადებული თ.ხ. და წარსულში ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული ნ.ი.
შსს-მ ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფ კიდევ ერთი პირის, - 1985 წელს დაბადებული შ.მ.-ს, მიმართ ძებნა გამოაცხადა.





