აშშ-ცენტრალური აზია

ტრამპი ცენტრალური აზიის ლიდერებს შეხვდა და მათთან პარტნიორობის გამყარების სურვილი გამოთქვა

REUTERS/Nathan Howard

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 ნოემბერს თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა გლობალური შეთანხმებების მეშვეობით აშშ-ს მიწოდების ჯაჭვების გაფართოებისა და გაძლიერების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული განხილვის საგანი კრიტიკული მინერალების საკითხია.

ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებთან შეხვედრის დროს ტრამპმა ცენტრალურ აზიას "განსაკუთრებით მდიდარი რეგიონი" უწოდა და დაამატა, რომ ხუთივე ქვეყანასთან აშშ-ს პარტნიორობის გაძლიერება სურს. 

შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა შეხვედრას "აშშ-სა და ცენტრალურ აზიას შორის ურთიერთქმედების ახალი ეპოქის დასაწყისი" უწოდა. ამასთან, ყაზახეთმა სიმბოლური ნაბიჯი გადადგა და შეუერთდა აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ისრაელსა და მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას უწყობს ხელს. 

ამას გარდა, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა ტრამპი "მსოფლიოს პრეზიდენტად" დაახასიათა და ცენტრალურ აზიაში მუდმივი სამდივნოს შექმნის იდეით გამოვიდა. მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე გამოაცხადა, რომ უზბეკეთი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აპირებს, $100 მილიარდის ინვესტიცია ჩადოს და შეისყიდოს ამერიკის ძირითადი სექტორებიდან, მათ შორის, კრიტიკული მინერალების, ავტომობილების ნაწილებისა და ავიაციის სექტორებიდან. 

კომენტარები