აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ 5 ნოემბერს თქვა, რომ აშშ-ს 40 უდიდეს აეროპორტს ფრენების 10%-ით შემცირებას უბრძანებს, რის მიზეზადაც მან საჰაერო მიმოსვლის კონტროლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შიშები დაასახელა იმ ფონზე, როცა უკვე 36-ე დღეა, რაც აშშ-ს ფედერალურ მთავრობას მუშაობა აქვს შეწყვეტილი.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნულმა ნაბიჯმა აშშ-ს ავიაკომპანიები აიძულა, 36 საათში ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეემცირებინათ, რის პარალელურადაც გადაიტვირთა ავიახაზების მომხმარებელთა მომსახურების ცხელი ხაზებიც.
ცნობისთვის, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 1-ელ ოქტომბერს შეაჩერა მას შემდეგ, რაც სენატი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც დაფინანსება შეუწყდა იმ უწყებებსა და პროგრამებს, რომელთა ბიუჯეტიც კონგრესს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.
მთავრობის ე.წ. შათდაუნი, რომელიც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, 13 000 საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორს და 50 000 ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს უხელფასოდ მუშაობას აიძულებს. ავიაკომპანიების განცხადებით, ე.წ. შათდაუნის შედეგად უკვე, სულ მცირე, 3.2 მილიონი მგზავრი დაზარალდა.
Reuters-ის ჟურნალისტთან გამართულ სატელეფონო საუბარში ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) განაცხადა, რომ აეროპორტებში ტევადობის შემცირება ეტაპობრივად მოხდება: ჯერ 4%-ით, შემდეგ 5%-ით, მომავალი კვირიდან კი - უკვე 10%-ით.





