სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ შეიტყუა რუსეთმა მათი მოქალაქეები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონბასის რეგიონში ჩარჩენილმა 17 სამხრეთაფრიკელმა საკუთარი მთავრობისგან დახმარება მოითხოვა. ცნობისთვის, 1998 წლიდან სამხრეთ აფრიკაში უცხო ქვეყნის სასარგებლოდ დაქირავებულ მებრძოლად მუშაობა ან სხვა სახელმწიფოს სახელით ომში მონაწილეობა დანაშაულია.
"სამხრეთ აფრიკის მთავრობა ამ ახალგაზრდა მამაკაცების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად დიპლომატიური არხების საშუალებით მუშაობს" - ნათქვამია რამაფოსას ადმინისტრაციის განცხადებაში. პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ისინი ომში "მაღალანაზღაურებადი და საფრიანი" კონტრაქტების დაპირებით ჩართეს, თუმცა მათთვის არ განუმარტავთ, ვის მხარეს მოუწევდათ ბრძოლა.
Bloomberg აღნიშნავს, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ადგილობრივ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი აფრიკის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ქირაობდა. სექტემბერში გამოცემა Business Insider Africa-მ აღნიშნა, რომ კენიამაც დაიწყო გამოძიება მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი მოქალაქეები რუსეთის მხარეს იბრძოდნენ.





