უკრაინამ რუსეთის კოსტრომის ოლქში, ქალაქ ვოლგორეჩენსკში, ღამით კოსტრომის თბოელექტროსადგურზე (ГРЭС), რომელიც რუსეთში სიმძლავრით მესამე ადგილზეა, იერიში მიიტანა.
ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერები ადასტურებს, რომ დარტყმები სწორედ ГРЭС-ის ტერიტორიაზე მოხდა.
კოსტრომის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი სიტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო აპარატების თავდასხმა "მოიგერიეს". მისი თქმით, აფეთქებებმა "ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე [გარკვეული] გავლენა მოახდინა", თუმცა, როგორც მან აღნიშნა, რეგიონის ელექტრომომარაგება "არ დარღვეულა".
სადგურის საერთო სიმძლავრე დაახლოებით 3 600 მეგავატს შეადგენს, რაც მას რუსეთის ენერგოსისტემის ერთ-ერთ მთავარ ობიექტად აქცევს. მის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ენერგობლოკი, რომელთა სიმძლავრე 300-დან 1200 მეგავატამდე მერყეობს.





