ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულმა პარტია D66-მა იმარჯვებს. ეს შედეგი D66-ს შემდეგი მთავრობის ფორმირების პროცესში ლიდერ პოზიციას აძლევს, მაშინ როცა ულტრამემარჯვენე ლიდერის, ხეერტ ვილდერსის პარტიამ მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.
29 ოქტომბრის ღამის შემდეგ ხმების 98% არის დათვლილი და ამ მონაცემებით D66-სა და ვილდერსის თავისუფლების პარტიას (PVV) 26-26 ადგილის მოპოვება აქვთ პროგნოზირებული 150 ადგილიანი პარლამენტის ქვედა პალატაში. D66 მცირე უპირატესობით, დაახლოებით 2 300 ხმით, ლიდერობდა. ხმების დათვლა 30 ოქტომბერს გრძელდება.
D66-მა ყველაზე დიდი წინსვლა აჩვენა და თავისი მანდატები წინა არჩევნებთან შედარებით თითქმის გაასამმაგა, მაშინ როცა ვილდერსის პარტიამ 2023 წლის რეკორდულ შედეგთან შედარებით მკვეთრი ვარდნა განიცადა.
ყველა ძირითადი პარტია ვილდერსთან ერთად კოალიციურ მთავრობის ჩამოყალიბებას გამორიცხავს. იმავე პარტიების მხრიდან D66-თან კოალიციური თანამშრომლობის მზაობა არსებობს. ასეთი მთავრობის ფორმირების შემთხვევაში, D66-ის ლიდერი რობ იეტენსი ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იქნება.
"სანამ შედეგები 100%-ით გარკვეული არ არის, D66 ვერ აიღებს ლიდერობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს," – დაწერა ვილდერსმა X-ზე.
ნიდერლანდების მთავრობა მას შემდეგ დაიშალა, რაც 3 ივნისს ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) კოალიცია დატოვა. ვილდერსის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრემიერმინისტრი დიკ სხოფი გადადგა.
ნიდერლანდების ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის მოსვლიდან 1 წელიც არ იყო გასული, როდესაც კოალიცია უთანხმოების გამო დაიშალა. ვილდერსი კოალიციის დანარჩენი 3 წევრი პარტიისგან 10-პუნქტიანი ანტისაიმიგრაციო გეგმის ხელმოწერას მოითხოვდა. პარტიებმა აღნიშნულზე უარი განაცხადეს.
ანტისაიმიგრაციო გეგმაში გაწერილ მკაცრ ზომებს შორის იყო ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო პოლიციის განლაგება, შესასვლელ პუნქტებში თავშესაფრის ნებისმიერი მაძიებლისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა, ლეგალური ლტოლვილებისთვის ოჯახებთან გაერთიანების პროცესის შეჩერება და დროებითი ვიზების მქონე სირიელი იმიგრანტების დეპორტაცია.
"PVV ამომრჩევლებს თავშესაფრის უმკაცრეს პოლიტიკას დაჰპირდა, თავშესაფრის მძებნელთათვის საზღვრის ჩაკეტვის ჩათვლით... მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვთქვა: ჩვენ ამ კაბინეტის მხარდაჭერას ვწყვეტთ". - თქვა ვილდერსმა 3 ივნისს.
4 პარტიისგან შემდგარი კოალიცია, რომელიც 2023 წლის ნოემბრის არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ შეიკრა, ვილდერსის პარტიას სხვა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებთან აერთიანებდა, რომელთა ლიდერის დიკ სხოფი, აწ უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი და უფრო ადრე ნიდერლანდების დაზვერვის უფროსი იყო.
კოალიციური მთავრობა შედგებოდა შემდეგი პარტიებისაგან: ვილდერსის ულტრამემარჯვენე PVV-სგან, პოპულისტური ფერმერ-მოქალაქეთა მოძრაობისგან (BBB), ცენტრისტების ახალი სოციალური კონტრაქტისგან (NSC) და ლიბერალური თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიისგან (VVD).





