რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში ბელგოროდის დამბაზე იერიშს ადასტურებენ, წყლის გაჟონვა გრძელდება

კადრი დაზიანებული დამბიდან წყლის გაჟონვის ამსახველი ვიდეოდან, რომელიც ტელეგრამ არხებზე ვრცელდება

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი ადასტურებს, რომ უპილოტო სისტემების ძალების 1-ელმა ცალკეულმა ცენტრმა იერიში მიიტანა ბელგოროდის დამბაზე. მან აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად, წყალსაცავში წყლის სიმაღლე 100 სანტიმეტრამდე დაეცა.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-16 არმიულ კორპუსში თქვეს, რომ ბელგოროდის დამბაზე დარტყმის შემდეგ წყლის გაჟონვა დაიწყო, რის შედეგადაც, მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები, რომლებიც სევერსკი დონეცის გავლით ვოვჩანსკში გადავიდნენ, დანარჩენ ძალებს მოწყდნენ.

აქამდე, 25 ოქტომბერს ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ბელგოროდის წყალსაცავის დამბა დაზიანდა. 26 ოქტომბრის საღამოს გლადკოვმა დაწერა, რომ დაიტბორა 10-ზე მეტი ბაღ-ბოსტანი და წყალი სახლებში არ შესულა. ბელგოროდის ოლქის ოპერატიულ შტაბში ირწმუნებიან, რომ დამბიდან წყლის სრულად გაჟონვის შემთხვევაში, რელიეფიდან გამომდინარე, წყალი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე დიდ ხანს არ გაჩერდება და საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ხარკოვის ოლქს. ოპერატიულ შტაბში ადგილობრივებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ და ირწმუნებიან, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. ამავე დღეს, რუსულ ტელეგრამ არხებზე წერდნენ, რომ უკრაინელებმა დამბაზე განმეორებითი თავდასხმა სცადეს.

კომენტარები