რუსეთი

პეტერბურგში 18 წლის მუსიკოსი ანტიპუტინური სიმღერის შესრულებისთვის დააკავეს

16 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ 18 წლის ქუჩის მუსიკოსი საზოგადოებრივი შეკრების უკანონო ორგანიზების მუხლით დააკავა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის ხალხთან ერთად პუტინის საწინააღმდეგო სიმღერას ასრულებს. ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა მუსიკოსი, სახელად დიანა ლოგინოვა, უკანონო სახალხო შეკრების მოწყობისთვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა და მას 13-დღიანი პატიმრობაც მიუსაჯეს.

დიანა ლოგინოვა, რომელიც მუსიკალური ჯგუფი Stoptime-ის წევრია, 14 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დიანა პეტერბურგის ცენტრში ხალხთან ერთად რეპერის Noize MC-ის ჰიტს Swan Lake Cooperative-ს ასრულებდა.

ცნობისთვის, ბალეტი "გედების ტბა" საბჭოთა კავშირის დაშლის სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც 1991 წლის აგვისტოს ამბოხის დროს სამთავრობო მაუწყებლობით სამი დღის განმავლობაში უწყვეტად გადაიცემოდა. 

2025 წლის მაისში სასამართლომ Swan Lake Cooperative აკრძალა, როგორც "მთავრობის ძალადობრივი გზით დამხობის პროპაგანდა" და "საფრთხე არასრულწლოვანთა ზნეობრივი და ეთიკური განვითარებისთვის".

მანამდე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეპერი Noize MC, რომლის სახელიცაა ივან ალექსიევი, 2022 წლის ნოემბერში "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მუსიკოსი ლიტვაში გადავიდა.

კომენტარები