ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრს, ანა პაულინა ლუნას აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ 350-გვერდიანი საარქივო დოკუმენტები გადასცა.
შესახებ ინფორმაცია თავად ანა პაულინა ლუნამ გაავრცელა, რომელსაც დოკუმენტები აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ დარჩიევმა მიაწოდა.
"ჩემი ოფისისკენ მოემართება ექსპერტთა ჯგუფი, რათა დაიწყოს დოკუმენტების თარგმნა და სრული ანალიზი. მასალებს რაც შეიძლება მალე გამოვაქვეყნებთ". - წერს ლუნა.
ამასთან, მისი თქმით, კონგრესმა ამ ფაილების მოპოვება 1990-იან წლებში სცადა, მაგრამ უარი მიიღო. ახლა კი აშშ-ს მათზე წვდომა "ისტორიაში პირველად" ეძლევა.
პარალელურად, საარქივო დოკუმენტების გადაცემა რუსეთის საელჩომაც დაადასტურა. მათი თქმით, დოკუმენტები რუსეთში ოფიციალურად ნოემბერში გამოქვეყნდება.
"ეს უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის დამატებით წვდომას მკვლელობის ტრაგიკული გარემოებების შესახებ მასალებზე". - აცხადებს საელჩო.
ცნობისთვის, მარტში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იანვრის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, 1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების 63 000-ზე მეტი გვერდი გასაჯაროვდა, რის ფარგლებშიც ბევრი მათგანი შესწორებების გარეშე გამოქვეყნდა.
აშშ-ს ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციამ საკუთარ ვებგვერდზე დაახლოებით 2 200 ფაილი გამოაქვეყნა, რომელიც კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით დოკუმენტებს შეიცავს. ცნობისთვის, კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით ეროვნული არქივის კოლექციაში არსებული 6 მილიონზე მეტი გვერდი, ფოტოსურათი, კინოფილმი და არტეფაქტი წარსულში უკვე გასაჯაროებული იყო.
რა არის მნიშვნელოვანი კენედის მკვლელობაზე ტრამპის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში





