რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლატვიამ 841 რუსეთის მოქალაქეს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

2024 წელს, რიგაში, რუსეთის საელჩოსთან განთავსებული ნახატი

ლატვიამ 841 რუსეთის მოქალაქეს 13 ოქტომბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა მას შემდეგ, რაც მათ ვერ შეძლეს ლატვიური ენის ცოდნის დადასტურება და სავალდებულო უსაფრთხოების შემოწმების გავლა.

ლატვიამ საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებები 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანა, 2024 წელს კი კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ლატვიაში დარჩენა სურდათ.

ცვლილებების შედეგად, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ლეგალურად დარჩენისთვის 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა მიემართათ ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის სტატუსის მისაღებად, დაემტკიცებინათ ლატვიური ენის A2 დონეზე ცოდნა და გაევლოთ უსაფრთხოების სავალდებულო შემოწმება.

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ცვლილებები რუსეთის 30 000-მდე მოქალაქეს შეეხო – მათმა დიდმა ნაწილმა მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლო, 2 600-მდე მოქალაქემ ლატვია საკუთარი სურვილით დატოვა, 841-მა ადამიანებმა კი დათქმულ ვადაში დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო.

ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა სამსახურის ცნობით, 13 ოქტომბრის შემდეგ ზემოხსენებული რუსეთის მოქალაქეების ლატვიაში დარჩენა "უკანონო" იქნება და მათ სოციალურ მომსახურებაზე წვდომა შეეზღუდებათ. მოთხოვნების დასაბუთების გარეშე შეუსრულებლობამ კი, შესაძლოა, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის მიერ იძულებითი დეპორტაცია გამოიწვიოს.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ლატვიიდან გაძევებულ საკუთარ მოქალაქეებს უკან მიიღებს.

"თუ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, მათ შეუძლიათ საკუთარ სამშობლოში, რუსეთში დაბრუნება და ცხოვრების აქ აშენება". - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

კომენტარები