რუსეთი

რუსეთში ოპოზიციონერებზე ძალაუფლების მიტაცებისა და ტერორიზმის მუხლით საქმე აღძრეს

მიხაილ ხოდორკოვსკი და ვლადიმირ კარა-მურზა ბერლინში, 2016 წელი.
Mikhail Sokolov / RFE/RL

რუსი ოპოზიციონერი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, მიხაილ ხოდორკოვსკისა და რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის კიდევ 22 წევრის წინააღმდეგ რუსეთში, ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცებისა და ტერორისტული ჯგუფის ორგანიზების ან მასში მონაწილეობის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ხოდორკოვსკის გარდა საქმე ეხება ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზასაც, რომელიც გასულ წელს აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის დროს გათავისუფლდა. გამოძიება მიმდინარეობს კიდევ სხვა 21 პირის წინააღმდეგ, რომლებიც არიან: მიხაილ კასიანოვი, მარატ გელმანი, ლეონიდ გოზმანი, , სერგეი ალეკსაშენკო, დმიტრი გუდკოვი, სერგეი გურიევი, ბორის ზიმინი, ევგენი ჩიჩვარკინი, ევგენი კისილიოვი, მიხაილ კოკორიჩი, ევგენი კუნინი, ელენა ლუკიანოვა, იური პივოვაროვი, კონსტანტინ ჩუმაკოვი, ანასტასია შევჩენკო, ვიქტორ შენდეროვიჩი, გარი კასპაროვი, კირილ მარტინოვი, მაკსიმ რეზნიკი, არტურ სმოლიანოვი და ეკატერინა შულმანი.

ხოდორკოვსკის წინააღმდეგ აღძრულია საქმე ტერორიზმისადმი საჯარო მოწოდების მუხლითაც.

ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი საქმე 2023 წლის ბერლინის დეკლარაციის საფუძველზე აღძრეს. მაშინ გაფორმდა რუსული დემოკრატიული ძალების დეკლარაცია, რომელიც აცხადებდა "რუსეთის მოქმედი ხელისუფლების ლიკვიდაციის აუცილებლობის შესახებ". ასევე, ნათქვამი იყო, რომ ევროპის საბჭოში შეიქმნებოდა "რუსული დემოკრატიული ძალების პლატფორმა", რომელიც გარდამავალი პერიოდისთვის განკუთვნილ ყრილობად განიხილებოდა. 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში (ФСБ) ირწმუნებიან, რომ ხოდორკოვსკი და კომიტეტის სხვა წარმომადგენლები აფინანსებენ რუსეთის მიერ ტერორისტულ ჯგუფებად გამოცხადებულ "უკრაინულ გასამხედროებულ ნაციონალისტურ ქვედანაყოფებს" და "ეწევიან რეკრუტირების საქმიანობას ამ ფორმირებებისთვის, რათა შემდეგში განხორციელდეს მათი ჩანაფიქრი რუსეთის ფედერაციაში ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების შესახებ".

ჩამოთვლილი ოპოზიციონერები რუსეთის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან.

კომენტარები