9 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოპულისტური პარტიის, ANO-ს ლიდერთან, ანდრეი ბაბიშთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკიმ რომ ბაბიშს უკრაინის დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ აცნობა, რომლის მიზანიც დასავლეთთან თანამშრომლობით მშვიდობის მიღწევაა.
"ბატონმა ანდრეიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის სიმამაცე აღნიშნა. შევთანხმდით, რომ ჩვენს მომავალ თანამშრომლობას მალე პირისპირ შეხვედრაზე განვიხილავთ" - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
2024 წელს ჩეხეთმა უკრაინის მხარდასაჭერად მასშტაბური ინიციატივა წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ჯამში უკრაინას 2.6 მილიონი ჭურვი გადაეცა.
არჩევნებამდე ბაბიშს ნათქვამი ჰქონდა, რომ შეაჩერებდა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ჩეხურ ინიციატივას, რომელიც, მისი თქმით, ზედმეტად ძვირადღირებულია და არ არის გამჭვირვალე.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბაბიშმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა "პრინციპში, კარგი იდეაა", მაგრამ ის ხელახლა უნდა შეფასდეს და შესაძლოა, ნატოს გადაეცეს.
ბაბიში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი. არჩევნების შემდეგ მან განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად "მზად არ არის".
ცნობისთვის ANO-მ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტის ქვედა პალატაში 200 ადგილიდან 80 მოიპოვა. ახლა უმრავლესობის მოსაპოვებლად სხვა პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.
ხმების 34.5%-ით ბაბიშის პარტია პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერმინისტრის, პეტრ ფიალას კოალიცია, ხმების 23.4%-ით. ხოლო მესამე ადგილზე, ხმების 11.2%-ით, პარტია STAN-ია, რომელიც აქამდე მმართველი კოალიციის წევრი იყო. შედეგად, პარლამენტში ANO-ს 80 ადგილი ექნება, ფიალას კოალიციას - 52, ხოლო STAN-ს - 22 მანდატი.
დათვლილი ხმების მიხედვით, ბაბიშს საპარლამენტო უმრავლესობის დაკომპლექტება ამ რიცხვებით არ შეეძლება. ბაბიშის სავარაუდო პარტნიორები პოპულისტური პარტია მოტორისტები საკუთარი თავისთვის და ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური პარტია თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია (SPD). მოტორისტებისა და ANO-სგან განსხვავებით, SPD საკუთარ შეხედულებებში რადიკალურია და მხარს უჭერს ევროკავშირისა და NATO-ს დატოვებას.





