აშშ

აშშ-ში დააკავეს პირი, რომელსაც ლოს-ანჯელესში ხანძრის განზრახ გამოწვევაში ადანაშაულებენ

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფლორიდაში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება კალიფორნიაში გამანადგურებელი "პალისეიდსის ხანძრის" განზრახ გაჩაღება, რის შედეგადაც მიმდინარე წლის იანვარში 12 ადამიანი დაიღუპა და ლოს-ანჯელესის მდიდრული ანკლავი დაიწვა. 

პროკურორების თქმით, ჯონათან რინდერკნეხტმა ცეცხლი პესიფიკ-პალისეიდსის სიახლოვეს მდებარე მთებში, საფეხმავლო ბილიკთან, გააჩაღა 1-ელი იანვრის შუაღამის საათიდან რამდენიმე წუთში - მას შემდეგ, რაც ტაქსის აპლიკაცია Uber-ის მანქანით ცვლა დაამთავრა. 

პირველ ეტაპზე ლოს-ანჯელესის მეხანძრეებმა იფიქრეს, რომ ცეცხლის კერა სწრაფადვე ჩააქრეს, თუმცა ფედერალური გამომძიებლების თქმით, ცეცხლი 8 იანვარს, მიწის ქვეშ თითქმის ერთკვირიანი წვის შემდეგ, კვლავ გაჩნდა და პალისეიდსის ხანძრად იქცა. 

ლოს-ანჯელესში აშშ-ს პროკურატურის მიერ შეტანილი სისხლის სამართლის სარჩელის მიხედვით, 29 წლის რინდერკნეხტმა 1-ელ იანვარს რამდენჯერმე დარეკა 911-ში და საბოლოოდ წარმატებითაც შეძლო ხანძრის შესახებ შესაბამისი სამსახურების შეტყობინება. ამავდროულად, ის საკუთარი ტელეფონით იღებდა ვიდეოებს, თუ როგორ ცდილობდნენ მეხანძრეები კერის ჩაქრობას. 

ამასთან, სარჩელის მიხედვით, 911-ის ზარზე ყოფნისას რინდერკნეხტმა ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია ChatGPT-ს ჰკითხა: "არის თუ არა შენი ბრალი, თუკი ხანძარი შენი სიგარეტების გამო გაჩნდა?" რაზეც CpatGPT-ს პასუხი იყო, რომ "კი".

ლოს-ანჯელესის პალისეიდსის ხანძრის შედეგად 9 308 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა და პესიფიკ-პალისეიდსის მდიდრული რაიონი გაანადგურა. ხანძარმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში ყველაზე დამანგრევლად ითვლება, ჯამში $150 მილიარდის ოდენობის ზარალი გამოიწვია. 

კომენტარები