დაძაბულობა აშშ-სა და ვენესუელას შორის

ვენესუელის თქმით, ქვეყნის სანაპიროდან 75 კმ-ში აშშ-ს ხუთი ავიაგამანადგურებელი შენიშნეს

ნიკოლას მადურო
Boris Vergara/picture alliance via Getty Images

2 ოქტომბერს ვენესუელამ განაცხადა, რომ ქვეყნის კარიბის ზღვის სანაპიროს სიახლოვეს ხუთი ამერიკული ავიაგამანადგურებელი შენიშნეს. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პადრინომ ინციდენტს აშშ-ს მხრიდან "პროვოკაცია" უწოდა, რაც მისი თქმით, ვენესუელის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. 

"ეს საბრძოლო თვითმფრინავებია. საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის ვენესუელის სანაპიროსთან მოახლოებაც ამერიკულმა იმპერიალიზმმა გაბედა," თქვა პადრინომ. 

მოგვიანებით ვენესუელის მთავრობამ განაცხადა, რომ ამერიკული თვითმფრინავი ქვეყნის სანაპირო ხაზიდან 75 კილომეტრის დაშორებით შენიშნეს. 

პადრინოს თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აშშ-ს F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლები შენიშნეს, რომლებიც 740 კმ/ს სიჩქარით მოძრაობდნენ და დაახლოებით 10 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავდნენ. 

ვენესუელის მთავრობის განცხადება ვაშინგტონთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ვრცელდება მას შემდეგ, რაც აშშ-მ სამხედრო-საზღვაო ხომალდები გაგზავნა კარიბის ზღვაში. აშშ ირწმუნება, რომ მისიის მიზანი ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლაა, თუმცა ვენესუელის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამერიკის განზრახვა ქვეყანაში მადუროს რეჟიმის დამხობაა. 

ამავდროულად, ბოლო პერიოდში აშშ-მ საჰაერო იერიშები მიიტანა, სულ მცირე, ოთხ ნავზე, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ათეულობით ნარკომოვაჭრე მოკლეს. ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, აღნიშნულ ნავებს ვენესუელური ბანდები ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის იყენებდნენ.

გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით 29 სექტემბერს წერდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ბოლო დღეებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩევლებმა გააძლიერეს მცდელობები, რათა ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობაში დაარწმუნონ. 

მაღალჩინოსნების თქმით, ამ ძალისხმევას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. NYT-ის ცნობით, რუბიო ამბობს, რომ მადურო არალეგიტიმური ლიდერია, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების ექსპორტს ზედამხედველობს, რაც რუბიოს აზრით, აშშ-სთვის "მყისიერ საფრთხეს" წარმოადგენს.  

NYT-თან საუბრისას მაღალჩინოსნებმა ასევე დაამატეს, რომ რუბიოს მიდგომას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი და ტრამპის მთავარი მრჩეველი შინაგან საქმეთა საკითხებში, სტივენ მილერიც ემხრობიან. 

დონალდ ტრამპმა ინაუგურაციამდე, 9 იანვარს, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს დაკავების შემდეგ, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენესუელაში "თავისუფლებისთვის მებრძოლ" ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.

ხოლო გამოცემა Axios ჯერ კიდევ 18 იანვარს წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს. გამოცემის თანახმად, ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი ამბობდა, რომ ვენესუელაში ვითარება "მდგრადი" არ არის და მადურო "პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას ანგრევს". მრჩეველმა ხაზი გაუსვა "დევნილების მასობრივ პრობლემებს, აშშ-ში კრიმინალების გაგზავნას" და იმას, რომ "ნავთობის წარმოება შემცირებულია და იქ ჩინელები, რუსები და კუბელები არიან". 

კომენტარები