რესტორან ქვევრის მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატი, თამარ აბესაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ პოლიცია და სასამართლო მფარველობს "უკანონო ქმედებების ჩამდენ პირებს, რადგან ლაშა ბასლანძეს, რომელიც არ იხდის საიჯარო თანხას, უფლება მიეცა რესტორანში დაბრუნებულიყო".
"შპს დს ჯგუფმა, მესაკუთრეა შალვა ტიბუა, ვინაიდან პოლიციაში ვერ დაიცვა მისი სამართლებრივი სიკეთე, ლაშა ბასლანძის მიერ რესტორნის ფუნქციონირებაში ხელშეშლის აღკვეთისა და მასთან საიჯარო ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნით მიმართა საქალაქო სასამართლოს.
საქმე დაეწერა მოსამართლე ცისანა სირბილაძეს. მან შალვა ტიბუას სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა ხელშეკრულების მოქმედება არ შეაჩერა. 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს ლაშა ბასლანძე და მისი დაცვის წევრები, ასევე, ლაშა ბასლანძის დედა ლელა ფირცხალაიშვილი, ძმა კახა ბასლანძე, მთელი ოჯახი აღსრულების პოლიციით მიიჭრნენ შალვა ტიბუას საკუთრებაში. წარმოადგინეს მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივი აღსრულებით, რამაც ლაშა ბასლანძეს, რომელიც არ უხდის საიჯარო ქირას შალვა ტიბუას, უფლება მისცა რესტორან ქვევრში გააგრძელოს საიჯარო მოქმედება. ეს ხდება მაშინ, როცა თავად შალვა ტიბუას სასამართლომ არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა, ხოლო ლაშა ბასლანძეს, რომელიც არ იხდის საიჯარო თანხას, უფლება მისცა რესტორანში დაბრუნებულიყო. ამავე განჩინებით მესაკუთრეს, შალვა ტიბუას აეკრძალა ლაშა ბასლანძეზე ხელის შეშლა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რადგან გამოცემული იყო განჩინება, შალვა ტიბუამ და ახალმა მოიჯარემ დატოვეს რესტორნის ტერიტორია. ახალ მოიჯარეს უფლება არ მისცეს წაეღო მისი კუთვნილი მრავალი ათეული ლარი, დაატოვებინეს პერსონალური ლეპტოპები, პოლიცია კი "პირზე კოცნით" ეხვეოდა ძალად "მოიჯარეს". ეს არ იყო ლამაზად საყურებელი ფაქტი. ლაშა ბასლანძემ სასამართლოს წახალისებითა და ხელშეწყობით სრულიად უკანონოდ დაიკავა სხვისი საკუთრება, რის შემდეგ რესტორნის სტაფმა, მზარეულებმა, დაცვამ, შალვა ტიბუას სოლიდარობის ნიშნად დატოვეს რესტორანი, სადაც სამზარეულოში საჭმელების გაკეთებას უმალ შეუდგა მადონა კოიძე.
შალვა ტიბუა, რომელიც დაზარალებულად არც კი უცნია სამართალდამცავ ორგანოებს, მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო ბრძოლას აგრძელებს. პოლიცია და სასამართლო აშკარად მფარველობს უკანონო ქმედებების ჩამდენ პირებს. ველოდებით ძველი დავალიანების გადახდას ლაშა ბასლანძის მხრიდან და სასამართლოში გაჭიანურებულ დავას. დღისით მზისით ისე, რომ არავის რეაგირება არ აქვს ქონების "საყვარლად წართმევა ხდება". ხომ კარგი ამბავია? - მესაკუთრეს აუკრძალეს მისი ქონების გამოყენება, მოიჯარემ კარავი დასცა, ოღონდ იჯარას არ იხდის, სასამართლომ ცუდად იყოჩაღა". - წერს აბესაძე.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი, ლაშა ბასლანძე რესტორან ქვევრის 100%-იანი წილის მფლობელს, შალვა ტიბუას რესტორანში თავს დაესხა. TV პირველი მომხდარის ვიდეოჩანაწერსაც ავრცელებს, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
"[ლაშა ბასლანძე] ამ რესტორნის მოიჯარე იყო, რომელმაც ვალდებულებები, რაც ხელეკრულებით გათვალისწინებული იყო, არ შეასრულა და შესაბამისად, ხელშეკრულება შეუწყდა და ბასლანძემ რესტორანი დატოვა. მე მგონი, უფრო ისეთ რამეს ითხოვდა, რაც არ ეკუთვნოდა". - თქვა ტიბუას ადვოკატმა.
30 სექტემბერს სასამართლომ რესტორან ქვევრის მმართველობა ლაშა ბასლანძეს მიაკუთვნა, ხოლო 1 ოქტომბერს რესტორანთან ბასლანძე აღსრულების ბიუროს თანამშრომლებთან და სამართალდამცველებთან ერთად მივიდა.





