თაღლითობა

დაპირდნენ, რომ მაღალჩინოსნის მეშვეობით ბინადრობას გაუკეთებდნენ – სუს-მა 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დ.კ. და გ.ო. დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულები, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 8 000 დოლარის სანაცვლოდ დაპირდნენ, რომ "მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით" საქართველოს ბინადრობის ნებართვას გაუკეთებდნენ. 

სუს-ის თანახმად, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ 4 000 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ.

"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დ.კ. გ.ო.-სთან წინასწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8 000 დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ დ.კ.-ს და გ.ო.-ს მოთხოვნით, მათ ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ, დ.კ. და გ.ო. სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ.

ამასთან, ისინი ყოველთვის უმეორებდნენ, რომ თითქოსდა საქმეში ჩართული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით, ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. აღნიშნულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დ.კ.-სა და გ.ო.-სთან შეხვედრისას, დამატებით გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 2 500 ლარი.

ამრიგად, დ.კ. და გ.ო. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი 8 000 დოლარიდან უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4 000 ლარს". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინებით, ფარულად მოიპოვეს ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ქვეპუნქტით, და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

კომენტარები