რუსეთში, ქალაქ იაროსლავლში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, Ярославнефтеоргсинтез-ში ხანძარი გაჩნდა.
ქარხანაში გაჩენილი ხანძრის ამსახველ კადრებს რუსული Telegram-არხები, მათ შორის, ASTRA ავრცელებს.
იაროსლავლის ოლქის ადმინისტრაციამ ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის გაჩენა დაადასტურა.
ოლქის ხელმძღვანელის, მიხაილ ევრაევის თანახმად, ხანძარი დრონების თავდასხმის შედეგს არ წარმოადგენს და ტექნოგენურია.
"მცხოვრებები ღელავდნენ, რომ ეს შესაძლოა დრონების მტრული თავდასხმის შედეგი ყოფილიყო, თუმცა მომხდარი ამას საერთოდ არ უკავშირდება. დღეს დრონების თავდასხმა არ შემჩნეულა". - დაწერა ევრაევმა.
მოგვიანებით, რუსულმა სამთავრობო მედია, ТАСС-მა საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოსკოვის დროით 12:40 საათზე Славнефть-ЯНОС-ში (იგივე Ярославнефтеоргсинтез) ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. როგორც ТАСС წერს, ოლქის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
Ярославнефтеоргсинтез რუსეთში სიმძლავრით მეხუთე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.





