საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ სამთავრობო TV იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტში "მოქმედებს ფრანკლინის კლუბის ანალოგი", სადაც ახალგაზრდებს რადიკალიზმს ასწავლიან განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია და რომ გავრცელებული ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია.
"მოგესალმებით, მოგეხსენებათ საქართველოს უნივერსიტეტის მიმართ და სხვა თავისუფალი უნივერსიტეტების მიმართ ბოლო ხანებია, პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, მე არ ვაპირებდი, სიმართლე გითხრათ, რეაგირებას საზოგადოებისთვის ისედაც ყველაფერი ცალსახად ცხადია, მაგრამ ვინაიდან არ დასრულდა ტყუილების ეს ნიაღვარი და ვინაიდან ის უკვე შეეხო კონკრეტულ პიროვნებებს, ჩავთვალე საჭიროდ გარკვეული კომენტარი გავაკეთო.
გარწმუნებთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სრული სიცრუეა და გაუგონარი აბსურდი. პასუხისმგებლობით ვაცხადებთ არ არსებობს არცერთი ფაქტი, არცერთი დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ აბსურდულ ბრალდებებს, საქართველოს უნივერსიტეტში არ ფუნქციონირებს არცერთი ცენტრი, არ ტარდება არცერთი ლექცია, არ იმართება არცერთი ღონისძიება, რომელიც რაიმე ფორმით ემსახურება პროპაგანდას ან პოლიტიკური ზეგავლენის გავრცელებას.
ტყუილია, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტი რაიმე ფორმით აქციებს აფინანსებს, ტყუილია, რომ უნივერსიტეტი არღვევს ფარას კანონს, ჩვენ რამდენიმე წელია არ მიგვიღია არანაირი გრანტი და უარი ვთქვით დამტკიცებულ დადინანსებებზე. ტყუილია, რომ უნივერსიტეტში არასრულწლოვანებს ტერორისტებად ზრდიან, საერთოდ სასაცილოა, ტყუილია აქ რაიმე კონსპირაციული ცენტრის და ორგანიზაციის არსებობა.
სიმართლე ისაა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი აღიარებულია წამყვან უნივერსიტეტად რეგიონში, სიმართლეა, რომ ყველაფერს გამჭვირვალედ ვაკეთებთ, ფინანსებით დაწყებული საგანმანათლებლო პროცესით დამთავრებული. ინფორმაცია ყველა სასწავლო კურსზე, სილაბუსზე, მათ განმახორციელებელ პერსონებზე, ლექტორებზე ყველაფერი არის ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი და სასწავლო პროცესის ამსახველი ასობით და ათასობით სურათი დევს ასევე ვებგვერდზე. სიმართლეა, რომ ჩვენ ვართ ლიბერალური, ჰუმანური და ეროვნული ღირებულებებების გამავრცელებელი და ვაგრძელებთ ილია ჭავჭავაძის გზას. სიმართლეა, რომ ჩვენ ვდგვართ საქართველოს ინტერესების, თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე და პირნათლად აღვასრულებთ იმ მისიას, რაც ქართულ უნივერსიტეტს განუსაზღვრა მისმა დამაარსებელმა, ივანე ჯავახიშვილმა.
ჩვენი უნივერსიტეტი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად და კანონიერად ემსახურება ერთადერთ მიზანს, ჩვენი ქვეყნისთვის პროფესიონალი და განათლებული, მორალური ღირებულებების მატარებელი თაობის აღზრდას. როგორც უნივერსიტეტის რექტორი ვაცხადებ სრული პასუხისმგბელობით, საქართველოს უნივერსიტეტი წარმოადგენს თავისუფალი აზროვნების, აკადემიური თავისუფლების და ხარისხიანი განათლების სივრცეს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მატყუარა მედიამ და არაკეთილსინდისიერმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩირქი მოსცხონ იმ ღირებულბებს, რასაც ადმინისტარცია, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ყოველდღე ემსახურებიან.
სამთავრობო მედიას მოგიწოდებთ შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება, დაიცავით პროფესიული ეთიკა, გამოიჩინეთ ელემენტარული თავმოყვარეობა, ნუ იქნებით ბოროტი პოლიტიკური თამაშების იარაღი და ნუ ახდენთ ახალგაზრდების მომავლის დისკრედიტაციას, ჩვენ არ მოგცემთ ამის საშუალებას, ყველგან გამხელთ და ჩვენი სიმართლე გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენი პროპაგანდა" - თქვა კონსტანტინე თოფურიამ გამართულ ბრიფინგზე.





