25 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე კიევის თავდასხმების კამპანიამ მოსკოვის შეიარაღებული ძალებისთვის ლოჯისტიკური ხაზები, მათ შორის ფრონტის ხაზზე ნავთობის მიწოდება, მნიშვნელოვნად დაარღვია.
"მტრის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას ბრძოლის ველზეც ვხედავთ. მიმდინარე საწვავის კრიზისი პირდაპირ გავლენას ახდენს მტრის მომარაგების ხაზებზე" - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ორი თვეზე ნაკლებ დროში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 85 სტრატეგიული სამიზნე დააზიანეს.
Kyiv Independent წერს, რომ სამიზნეების ჩამონათვალში 33 სამხედრო ობიექტი, როგორიცაა ბაზები, საწყობები, აეროდრომები და მიწაზე მყოფი ავიაცია, ასევე 52 სამხედრო-სამრეწველო დაწესებულება შედის, რომლებიც იარაღს, საბრძოლო მასალას, საწვავსა და დრონებს აწარმოებენ.
"მტრის ტერიტორიაზე ღრმა იერიშების ეფექტიანობა არა მხოლოდ ჩვენ მიერ არის დადასტურებული, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ამიტომ, ვაგრძელებთ იმ დანაყოფების გაფართოებასა და გაძლიერებას, რომლებიც ამ იერიშებს ასრულებენ" - დაამატა სირსკიმ.
რუსული მედია 24 სექტემბერს წერდა, რომ საწვავის მიწოდების შეფერხებების გამო ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ბენზინგასამართი სადგურების დაახლოებით 50%-მა ბენზინის გაყიდვა შეწყვიტა.
25 სექტემბერს რუსეთის ვიცეპრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ კრემლის ხელისუფლება ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის გახანგრძლივებას და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თვითონ არ აწარმოებენ საწვავს, დიზელის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს.





