იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას რუსული ენერგორესურსების შეწყვეტისკენ მოუწოდა, 24 სექტემბერს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა თქვა, რომ თურქეთმა სავაჭრო კომპანია Mercuria-სთან 20-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც აშშ-სგან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას გულისხმობს.
"ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აშშ-სთან ვაჭრობის მოცულობის $100 მილიარდამდე გაზრდის მიზნის მიღწევას." - მან ასევე დაამატა, რომ გარიგება მიზნად ისახავს მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებასა და თურქეთის ენერგორესურსების დივერსიფიკაციას.
აღნიშნული გარიგება ერთ-ერთია თურქეთის მიერ სექტემბერში გაფორმებულ შეთანხმებებს შორის, სანამ მიმდინარე წელს ვადა გაუვა ანკარის მიერ ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს, რაც ჯამში 16 მილიონ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოიცავს. თურქეთი რუსეთთან მიწოდების ახალ გარიგებაზე ჯერ არ შეთანხმებულა.
რუსეთი თურქეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ ბოლო წლებში რესურსების წყაროების დივერსიფიკაცია დაიწყო.
ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, 2026 წლის ბოლომდე გეგმავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას, რაც გამოწვეულია ტრამპის მხრიდან მოთხოვნით, რომ ევროპამ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში.
13 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მოსკოვს მასშტაბური სანქციები დაუწესოს, როდესაც NATO-ს ყველა ქვეყანა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს და ჩინეთის წინააღმდეგ, აშშ-ს მსგავსად, ტარიფებს დააწესებს.
ამასთან, ტრამპთან გამართული სატელეფონო ზარის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ ფერ ლაიენმა თქვა, რომ ბრიუსელი რუსული ენერგორესურსების იმპორტის დაჩქარებულად შეჩერების წინადადებით გამოვა, რაც თავდაპირველად 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა.





